ევროკავშირი რუსეთიდან გაზის იმპორტის შეფერხებას გაუმკლავდება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.
„ჩვენი მოდელები აჩვენებს, რომ „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების ნაწილობრივი შეფერხებისგან ან შემდგომი შემცირებისგან ამჟამად დაცული ვართ,“ - აცხადებს ფონ დერ ლაიენი.
ევროპის გაზმომარაგებაში რუსეთის წილი, დაახლოებით 40%-ია. რუსეთიდან მოსალოდნელზე ნაკლები იმპორტის ფონზე, შეზღუდულმა მიწოდებამ და გაზრდილმა მოთხოვნამ ევროპაში გაზის ფასი მკვეთრად გაზარდა.
გაზისა და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდის მიზნით, ევროკავშირმა მოლაპარაკებები გამართა შეერთებულ შტატებთან, ყატართან, ეგვიპტესთან, აზერბაიჯანთან, ნიგერიასთან და სამხრეთ კორეასთან.
„ჩვენ, ასევე, ვესაუბრეთ თხევადი ბუნებრივი გაზის მსხვილ მომწოდებლებს, რომ გვეკითხა, შეგვეძლო თუ არა სავაჭრო კონტრაქტების გაცვლა ევროკავშირის სასარგებლოდ,“ - აცხადებს ფონ დერ ლაიენი, რომელმაც დასძინა, რომ იაპონია თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის მზად არის.
გასულ კვირას იაპონიამ განაცხადა, რომ თხევად ბუნებრივ აირს ევროპას, ევროკავშირისა და აშშ-ს მოთხოვნების საპასუხოდ მიაწვდის. ევროპაში თხევადი აირის იმპორტმა იანვარში რეკორდულ მაჩვენებელს, 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია, რაშიც ნახევარი შეერთებული შტატების წილია. ევროპაში გაზის სააცავები ამჟამად, დაახლოებით, 34%-ით არის სავსე.
ფონ დერ ლაიენის თქმით, ბოლო წლების ინფრასტრუქტურული განვითარების შედეგად, ევროპა გაზისა და ელექტროენერგიის ქვეყნებს შორის განაწილებისთვის უკეთესად არის აღჭურვილი, თუმცა რუსულ გაზზე მთლიანად უარის თქმას უფრო მეტი მოქმედება სჭირდება.
ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ უკრაინის მახლობლად რუსეთის სამხედრო გაძლიერება ევროპისთვის ხაზს უსვამს აუცილებლობას, რომ რუსულ გაზზე თავისი დამოკიდებულება შეამციროს, რაშიც მას განახლებად ენერგიაზე დაგეგმილი გადასვლაც დაეხმარება.
წყარო: BPN.GE