30 ნოემბერს ნავთობი ჯამურად კვლას 2%-ზე მეტს კარგავს და Brent-ის ფასი $71-მდეა დავარდნილი. ამის ერთ-ერთი მიზეზია ინფორმაცია სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის გაჩენის თაობაზე.
სავარაუდოდ, კოვიდის ეს სახეობა დღემდე არსებულებზე ბევრად უფრო საშიშია, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ არსებული ვაქცინების ეფექტურობა ეჭვის ქვეშ დგას, ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, მაგალითად, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ბრიტანეთმა, ჩეხეთმა და ა.შ., უკვე შეზღუდეს საჰაერო მიმოსვლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან და კონტინენტის სხვა ქვეყნებთან.
„რადგანაც ახალ შტამზე ბევრი არაფერი ვიცით, დღეს რაც ხდება არის კატა-თაგვობანა ვაქცინებს და კორონავირუსის სხვადასხვა შტამებს შორის“, - განაცხადა ანალიტიკური კომპანია Oilytics-ის დირექტორმა კიშავ ლოიამ.
პანიკის ერთ-ერთი მსხვერპლი ნავთობის ფასი გახდა. ყველაზე მეტად მასზე მოქმედებს ეკონომიკის პოსტპანდემიური აღდგენის ტემპები და ამ მხრივ გარკვეული პრობლემებია - ავსტრიამ გამოაცხადა ლოკდაუნი, გერმანია ბოლო კვირებში დაინფიცირება ახალ რეკორდებს ხსნის - საშუალოდ ქვეყანაში დღე-ღამეში 75 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება და ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მთელი პანდემიის მანძილზე.
ამ ყველაფერმა შესაძლოა ეკონომიკური ვარდნა გამოიწვიოს. ახალი დარტყმა სამხრეთ აფრიკიდან მოვიდა. ბაზარი პანიკაშია და ნავთობის ფასი პირველ რიგში რეაგირებს. ამ ეტაპზე ინვესტორები ახალი შტამის თაობაზე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან სამედიცინო ექსპერტების დასკვნას ელოდებიან.
ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საერთაშორისო ბაზრის დღისწესრიგი. თუ ევროპაში ახალი ლოქდაუნები არ იქნება, ნავთობის ღირებულება 79-82 დოლარის დიაპაზონში იმოძრავებს.
ახალი შტამის გავრცელების შედეგები შესაძლოა მოსალოდნელზე ფართო იყოს.
ინვესტორები შეშფოთებულები არიან ახალი ლოკდაუნების შესაძლებლობით, რომლებიც ეკონომიკური აღდგენის შეფერხებას გამოიწვევენ. მოთხოვნა-მიწოდების შემდგომი დინამიკის გაურკვევლობამ მომავალ კვირას ოპეკ+-ის სხდომის წინ ნავთობის ბაზრის შესუსტებას ხელს უწყობს.
შეხვედრა 1-2 დეკემბერს ჩატარდება და მის ფარგლებში წევრ-ქვეყნებს ნავთობმოპოვების ზრდის გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ.
ამ დროისთვის მოქმედებს 2020 წლის მაისში დამტკიცებული გეგმა, რომლის თანახმადაც მოპოვება დღე-ღამეში 400 000 ბარელით უნდა გაიზარდოს. ამ ეტაპზე დღისწესრიგში დგას ამ მაჩვენებლის ზრდა.
აქამდე ინვესტორები თვლიდნენ, რომ კარტელის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნება აშშ-ს და 5 მსხვილი მომხმარებელი ქვეყნის მიერ ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გახსნა.
თუმცა, ეს საკითხი აშკარად მეორე პლანზე გადავა - ძირითადი თემა ოპეკ+-ს შეხვედრაზე იქნება სწორედ კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელება და მისი გავლენა მსოფლიო ეკონომიკის აღდგენაზე.