ავტომობილების მწარმოებელ კომპანია Ford-ს აშშ-ში დაახლოებით 30 000 ხელფასიანი თანამშრომელი ჰყავს, მაგრამ ელექტრომობილების წარმოების ფონზე მათ შემცირებას გეგმავს.
Entrepreneur-ის ცნობით, Wall Street Journal-მა 4 ოქტომბრით დათარიღებული Ford-ის შიდა ელექტრონული ფოსტა მოიპოვა, რომლის ავთენტურობაც კომპანიამ დაადასტურა. წერილში ნათქვამია, რომ Ford-ი გაფრთხილებას აძლევს იმ თანამშრომლებს, რომლებიც კომპანიაში რვა წელზე მეტხანს მუშაობენ და მათ ორ ვარიანტს სთავაზობს: თავიანთი შრომისუნარიანობის გასაუმჯობესებელი გეგმა წარმოადგინონ ან კომპენსაცია აიღონ და სამსახური დატოვონ.
WST-ს ინფორმაციით, მიჩიგანის შტატის ქალაქ დირბორნის ყველა მენეჯერს წერილი გაეგზავნა, სადაც ნაკლებად პროდუქტიული თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნის რამდენიმე ვარიანტია შეთავაზებულია. მათ გათავისუფლების შემდეგ ფულად ანაზღაურებას სთავაზობენ, ან 4-დან 7 კვირამდე ვადაში ახალი გეგმით მუშაობას, რომლის წარმატების შემთხვევაშიც თანამშრომლებს სამსახურში დარჩენის შანსი ექნებათ.
მზარდი რეცესიის ფონზე, მუშახელის ოპტიმიზაცია სხვა დიდმა კომპანიებმაც დაიწყეს. მაგალითად, Google-მა ხარჯების შემცირებაზე დაიწყო ფიქრი და ეფექტურობის გაზრდასთან დაკავშირებით თანამშრომლებში გამოკითხვა ჩაატარა; სექტემბერში Meta-მაც დაიწყო კადრების შემცირება. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომელთა 50% სამსახურიდან გათავისუფლა.
თანამშრომლების შემცირების აუცილებლობის წინაშე კომპანიები პანდემიის პერიოდიდან დადგნენ. როგორც WST წერს, ავტომობილების მწარმოებლებს საამისოდ კიდევ ერთი მიზეზი აქვთ. ეს მიზეზი ელექტრო მანქანების წარმოებაა, რამაც Ford-ს ხარჯების შემცირებისკენ უბიძგა.
Ford-მა 2022 წლის აგვისტოში დაახლოებით 3 000 თანამშრომელი გაათავისუფლა. ამის მიზეზი ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის გაფართოების მიზნით 9 მილიარდიანი ხარჯი გახდა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა