„ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგური“, რომელიც წლის დასაწყისში ოფიციალურად გაიხსნა, გემების მიღებას უახლოეს მომავალში შეძლებს. როგორც „კომერსანტთან“ PACE ჯგუფში შემავალი კომპანია „ტრანსფორდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ მაზიაშვილმა განაცხადა, არსებული გაზრდილი ტვირთნაკადების ფონზე, ახალი ნავსადგური დამატებით 2 მილიონი ტონით მეტი ტვირთის გატარების შესაძლებლობას მოგვცემს.
„ტვირთების ნაკადი და მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რამაც გარკვეული ხარვეზები გამოავლინა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ხარვეზებთან ერთად ბიზნესი პროცესებზე ვახორციელებთ მუდმივ დაკვირვებას და ხარვეზების აღმოფხვრას არა ლოკალურად, არამედ სისტემურად, აღნიშნული კი პროცესის დაჩქარებას გამოიწვევს. ამასთანავე უახლოეს მომავალში ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურშიც შევძლებთ უკვე გემის მიღებას, რომელიც 260 მეტრის სიგრძისაა და 13 მეტრი სიღრმის, ნავმისადგომის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნება 50,000 ტონიანი გემების მიღება, რაც ჩვენი კორიდორისათვის დამატებით 2 მილიონი ტონით მეტი ტვირთის გატარების შესაძლებლობაა“, — განაცხადა მაზიაშვილმა.
„ტრანსფორდის“ აღმასრულებელი დირექტორი „კომერსანტთან“ პორტების და რკინიგზის მნიშვნელობაზე საუბრობს და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობის საჭიროებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ რაც მეტი პორტი იქნება რეგიონში მით უკეთესია ქვეყნისთვის.
„ვფიქრობ ჩვენს ქვეყანაში რაც მეტი პორტი იქნება, ეს ქვეყნისათვის და რეგიონისათვის ძალიან კარგი იქნება, თუმცა კომპლექსური საკითხია და პორტების არსებობასთან ერთად მნიშვნელოვანია მოხდეს რკინიგზის მოდერნიზაცია, როგორც აზერბაიჯანში ისე კასპიის ზღვაზე საბორნე გადასასვლელი, რათა მივიღოთ არსებული პორტების მაქსიმალური დატვირთვა“, — აღნიშნა ვასილ მაზიაშვილმა.
კომპანია „ტრანსფორდი „Pace ჯგუფში“ შემავალი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც 2010 წელს, შპს „Pace International-ის (ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია) და შპს Pace Georgia-ს მიერ ტვირთის გადაზიდვის ოპერაციებისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში (ფოთის პორტი) დაარსდა. შპს ტრანსფორდი’’ ასევე ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში ოპერირებს, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით დასრულდა. შპს „ტრანსფორდი“ როგორც ნაყარი ასევე სხვადასხვა ტვირთების მომსახურებას ახორციელებს. კომპანიას ორი შვილობილი კომპანია შპს ბ&პ (80% წილი) და შპს მეტალექს ტრანსი (52.5% წილი) გააჩნია. „Pace ჯგუფში“ 1 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და საშუალო წლიური ტვირთბრუნვა 3.5 მლნ ტონას აჭარბებს.