საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის განვითარების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებების შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა ანგარიში წარადგინა. მთავრობის წარმომადგენელმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ მმართველი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაა, რაც მისი თქმით, ქვეყნის სატრანსპორტო ფუნქციას აამაღლებს. გურამიშვილი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია როგორც რეგიონის ქვეყნებთან მრავალმხრივი და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე ახალი სატრანსპორტო დერეფნებისა და მარშრუტების განვითარება.
გურამიშვილმა თქვა, რომ იგეგმება ფოთის პორტის გაფართოება რაშიც APM Terminals-ი 170 მლნ დოლარის ინვესტიციას ჩადებას გეგმავს. მისივე განმარტებით, სახელმწიფო პორტის გაფართოებისთვის კომპანიას მიწას გადასცემს.
„ფოთის ნავსადგურის გაფართოება - არსებული სანავსადგურე სიმძლავრის რაც ფოთში არსებობს განკარგვა ხდება APM- ის მიერ. მათ გამოთქვეს სურვილი გააფართოვონ პორტი და ჩრდილოეთით აპირებენ ააშენონ ახალი საპორტო ნავსადგომი და პლუს განავითარონ საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების კუთხით საქმიანობა. საინვესტიციო გეგმის და ინვესტიციის შესახებ ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება სახელმწიფოს კონტრიბუცია იქნება მიწის გამოყოფა შესაბამისად იგეგმება 170 მლნ დოლარის ინვესტიცია APM-ის მხრიდან“, - განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.
საკუთარ მოხსენებაში გურამ გურამიშვილს ყურადღების მიღმა არ დარჩენია ანაკლიის პორტი. როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ახლა იმ კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს რომელიც, ახალ სატენდერო დოკუმენტაციას მოამზადებს, შესაბამისად მისი თქმით, კონკურის დღე-დღეზე გამოცხადდება.
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური მოგეხსენებათ, რომ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტის განხორციელებას, სამწუხაროდ ვერ მოხდა ვალდებულებების შესრულება წინა კონტრაქტორის მიერ, შესაბამისად კონტაქტი შეწყვეტილი იქნა. ახლა მიმდინარეობს კომპანიის შერჩევა რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას მოგვიმზადებს, შესაბამისად კონკურსიც დღე-დღეზე გამოცხადდება. შესაბმისად იმედი გვაქვს, რომ განხორციელებული სამუშაოები და ის დოკუმენტაცია რაც უკვე არსებობს პროექტის შესახებ გააიაფებს შემდგომ ნაბიჯებს და გამოვლინდება ახალი გამარჯვებული და ჩენ ამ პორტს მივიღებთ როგორც მძლავრ ინსტრუმენტს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კუთხით“, - განმარტა გურამ გურამიშვილმა.