ფოთის პორტის ინვესტორი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტით არ დაინტერესდება. როგორც „ეი პი ემ ტერმინალსი“ „კომერსანტთან“ აცხადებს, იგეგმება ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოება, რაც გულისხმობს ღრმაწყლოვანი პორტის და დამატებით ნავმისადგომების მოწყობას. „რაიმე სახის ალტერნატიულ პროექტში ინვესტირება საქართველოში არ იგეგმება კომერციული და სხვა მოსაზრებებიდან გამომდინარე“-აღნიშნავენ „ეი პი ემ ტერმინალსში“.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ველოდებით ფოთის საზღვაო ნავსადგურის გაფართოების პროექტისთვის საჭირო ნებართვებს. „მოვლენების განვითარების შესაბამისად, უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით სამომავლოდ“-აღნიშნავენ „ეი პი ემ ტერმინალსში“.
როგორც ცნობილია, გუშინ მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება გაწყვიტა. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პროექტი გაგრძელდება ახალ ინვესტორთან ერთად.
2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომელმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის უფლება მოიპოვა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის საფუძველზე, ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულების 7 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება. მათ შორის, ვერ მოიზიდა 120 მილიონი აშშ დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად, ვერ წარმოადგინა გაფორმებული ხელშეკრულებები - საერთაშორისო ბანკებთან 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე, პირველი ფაზის ტერმინალის ოპერატორთან და პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტორთან.
სოფო ქსოვრელი