ვფიქრობთ, ფოთის პორტში არსებულ ნავსადგურთან ერთად, ახალი ნავმისადგომები მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ქვეყნის ტვირთბრუნვას სრულად დააკმაყოფილებს, – ამის შესახებ დღეს მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ჰააფიდან „ეიპიემ ტერმინალს ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას შეხვდა.
„დავოსში გაიმართა შეხვედრა პრემიერ-მინისტრსა და ჩვენი ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორს შორის ჰააგიდან. როგორც წესი, დავოსის შეხვედრები დიპლომატიური ხასიათისა და ჩვენმა აღმასრულებელმა დირექტორმა პროექტის მხარდაჭერა გამოხატა”- განაცხადა ქრისტენსენმა.
პროექტი ფოთის პორტის გაფართოებას ითვალისწინებს.
„ჩვენი გეგმები აწყობილია ისეთი მოქნილი გადაწყვეტილების გარშემო, რომელიც შეიძლება, სამომავლოდ გაიზარდოს და განვითარდეს. პროექტის პირველი ფაზა იქნება ნაყარი ტვირთის ტერმინალი, ხოლო მეორე ფაზა გულისხმობს დამატებით 300 მეტრიან საკონტეინერო ნავმისადგომს და იქნება ახალი საკონტეინერო ტერიტორია, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ერთ მილიონ TEU-ზე მეტი რაოდენობის კონტეინერი დავამუშაოთ. ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება მომავალი 10-20 წლის განმავლობაში, რამდენადაც ასევე ნავმისადგომების მიღმა მოეწყობა ტერიტორია, რომელიც შეიძლება, გაფართოვდეს. ვფიქრობთ, არსებულ ნავსადგურთან ერთად, ახალი ნავმისადგომები მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში ქვეყნის ტვირთბრუნვას დააკმაყოფილებენ“, – აცხადებს ქრისტენსენი.
ამასთან, რაც შეეხება ტვირთების მოზიდვის საკითხს, ,,ეიპიემ ტერმინალს ფოთის” გენერალური დირექტორი ამბობს, რომ საკონტეინერო ტვირთებთან დაკავშირებით დაახლოებით იგივე ვითარება იქნება და განსაკუთრებული ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.
„რაც შეეხება ნაყარ ტვირთს, გვაქვს მოლოდინი, რომ დასაწყისშივე გვექნება სამი ტიპის ტვირთი: ჯართი (მთელი რეგიონიდან), სასუქი და ასევე, ველოდებით მარცვლეულს, ძირითადად აზერბაიჯანიდან, თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან. ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ტვირთზე. ნავსადგურში ოპერირებს ასევე Pace ჯგუფი, სადაც მუშავდება ნაყარი ტვირთები, ნახშირი, სასუქი და ა.შ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ახალ ტვირთზე, რომლებიც დღეს ჩვენს კორიდორში არ მოძრაობს“, – აცხადებს კელდ (მოსგაარდ) ქრისტენსენი.
1tv.ge