ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას კიდევ ერთი საწარმო დაემატა. ფოთის თიზ-ის ტერიტორიაზე არსებულ 6000 კვ.მ ფართში Poti Textile-მა სატესტო რეჟიმში დაიწყო ფუნქციონირება.
როგორც „კომერსანტს“ Poti Textile-ში განუცხადეს, კომპანიას თანამშრომლობაზე ხელშეკრულებები უკვე გაფორმებული აქვს ევროპისა და აშშ-ს ცნობილ საცალო ვაჭრობის ბრენდებთან.
რეალურად საუბარია Poti Textile-სა და შემდეგი ბრენდების თანამშრომლობაზე: Moncler, H&M, Urban Outfitters, Marks & Spencer, Comma, Next, Hallhuber და s.Oliver.
ამ დროისათვის Poti Textile-ის თანამშრომლების გადამზადება მიმდინარეობს და პარალელურად კომპანია გარკვეულ შეკვეთებსაც იღებს. სამომავლოდ Poti Textile იმუშავებს შიდა ბაზრისთვისაც.
Poti Textile-ს აქვს 14 საწარმოო ხაზი, ჯამში წლიური წარმადობა 7 000 000 ერთეული. ნახაზის მიხედვით გამოჭრილი ქსოვილი საგამომჭრელო განყოფილებიდან საწარმოო ხაზზე იგზავნება, სადაც უკვე სამკერვალო სამუშაოები სრულდება. სამკერვალო ხაზები უზრუნველყოფს უწყვეტ ტექნოლოგიურ პროცესს ერთი ხაზის ფარგლებში, და მოიცავს კერვას, დაუთოებას და ხარისხის კონტროლს.
როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, საწარმოს სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, რაც ფოთის საზღვაო პორტთან და თურქეთის საზღვართან სიახლოვეს გულისხმობს და რაც თავის მხრივ წარმოებას ევროპული ბაზრთან წვდომისთვის უნიკალურ უპირატესობას ანიჭებს.
საწარმო სხვადასხვა სახის ტანსაცმელს აწარმოებს, რომელსაც ეძლევა Euro1 და CT1 წარმოშობის სერტიფიკატის აღების შესაძლებლობა. რაც თავისთავად ათავისუფლებს საქართველოში წარმოებულ პროდუქციას გადასახადებისგან ევროკავშირში, თურქეთსა და დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტის დროს.
მთლიანობაში წარმოება 400-მდე ადამიანს დაასაქმებს. კომპანიის ინვესტიციის მოცულობა კი დაახლოებით 15 მილიონ ლარს შეადგენს.