„სექტემბერსა და ოქტომბერშიც თუ ასე გაგრძელდა და რამე ალტერნატიური დახმარების წყარო არ წამოვიდა ტურიზმისკენ, მერე ალბათ პროტესტის სხვა ფორმას მივმართავთ,“ - ასე აფასებს რეგულარული ფრენების 1 სეტემბრამდე გადადებას ტურისტული კომპანია „იბერია ტურს პლიუსის“ ხელმძღვანელი მაია მურაჩაშვილი.
საერთაშორისო რეგულარული ფრენები, რომელიც 1 აგვისტოს უნდა განახლებულიყო 1 სექტემბრამდე არ აღდგება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნოტამი უკვე გამოსცა. NOTAM-ი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების შესახებ (ნოტამით გათვალისწინებული შეზღუდვა გაგრძელდა 21.07.20-დან და მოქმედებს 31.08.20-ის ჩათვლით) - წერს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
ამ ყველაფრის ფონზე კერძო სექტორის პროტესტი იზრდება, რომლებიც უცხოელი ვიზიტორების მისაღებად ემზადებოდნენ. მაია მურაჩაშვილი განმარტავს, რომ მსგავსი დაპირებების ვერ შესრულების გამო სექტორი მძიმე შედეგების წინაშე დადგება და საბოლოოდ, შესაძლოა ამ ყველაფერმა პროტესტის სხვა ფორმა მიიღოს.
„ყველაზე ცუდია ცრუ მოლოდინები, როდესაც ერთს გპირდებიან და მეორეს აკეთებენ. სადაც ამდენი მოვითმინეთ კიდევ მოვიცდიდით, მაგრამ ყველაზე დამღლელია ცრუ დაპირებები . ჩემი კოლეგებიც ძალიან დაიღალნენ. უკვე პროტესტის სერიოზული, დიდი ნიშნებია კერძო სექტორში, თუმცა ამისკენ არავის არ მოვუწოდებ.
ძალიან ბევრს დახმარება არ მიუღია. ძალიან ბევრს, რომელიც ფრილანსერი იყო და საბუთები შეავსო არ მიუღიათ არანაირი ხელშეწყობა,“ - განმარტავს მაია მურაჩაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული ფრენები 1 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს ვადა 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა. ახლა კი ირკვევა, რომ ფრენები 1 სექტემბრამდე არ აღდგება.
ასევე აღსანიშნავია, რომ ევროკავშირმა, საქართველოს წევრ ქვეყნებთან საზღვრები, 1 ივლისიდან გაუხსნა, ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ქვეყანაში უპირობოდ ევროკავშირის წევრი მხოლოდ ხუთი ქვეყნის მოქალაქეები შემოვლენ - გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვასა და ესტონეთის. იმავე ქვეყნებიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები კი 2 კვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლიან.
მარიამ მორგოშია