ბიზნესმენები მიხაილ ფრიდმანი და პიოტრ ავენი „ალფა ბანკში“ თავიანთ წილებს მათ ბიზნეს პარტნიორზე ანდრეი კოსოგოვზე ყიდიან - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბიზნესმენებმა აღნიშნული გადაწყვეტილება სანქციებიდან თავის დასაღწევად მიიღეს. გამოცემა წერს, რომ გასაყიდი თანხა 2,3 მილიარდ დოლარს შეადგენს.
ფრიდმანი და ავენი „ალფა-ბანკის“ 45%-ზე მეტს ლუქსემბურგული ჰოლდინგური კომპანია ABH Holdings-ის მეშვეობით ფლობენ, აქედან 32,9% ფრიდმანის წილია, ხოლო 12,4% ავენის, ფრიდმანი და ავენი, ისევე, როგორც მათი პარტნიორები, გერმან ხანი და ალექსეი კუზმიჩევი 2022 წელს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს დაექვემდებარნენ. ამის გამო ხანმა და კუზმიჩევმა ABH Holdings-ში თავიანთი წილი კოსოგოვს გადასცეს, რის შედეგადაც წილი 41%-მდე გაიზარდა.
Financial Times წერს, რომ გარიგება მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს, თუმცა თავდაპირველად ის მარეგულირებლებთან, მათ შორის რუსეთის ცენტრალურ ბანკთან უნდა შეთანხმდეს. ამას გარდა შესაძლოა აშშ- სა და ევროკავშირის მარეგულირებლის ნებართვაც გახდეს საჭირო, რამაც შესაძლოა გარიგების დასრულება შეაფერხოს.
Financial Times-ის ცნობით, თებერვალში, ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტის წინ, ABH Holdings-მა განაცხადა, რომ მარეგულირებელი, პოლიტიკური და რეპუტაციული შედეგების თავიდან ასაცილებლად „ალფა-ბანკი“ სასწრაფოდ უნდა ჩამოიშოროს. განცხადების მიხედვით, ბანკის ფლობა უკვე „ტოქსიკურია“ მისი ბენეფიციარებისთვის, რომლებიც „ცდილობენ, საერთაშორისო ინვესტორების სტატუსი შეინარჩუნონ“.