რუსი პროპაგანდისტი ბლოგერის ვლადლენ ტატარსკის მკვლელობის გამოძიების დეტალებზე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) ინფორმაციას ავრცელებს.
ФСБ -ს განცხადებით, სანკტ-პეტერბურგში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორები, რომლებსაც ვლადლენ ტატარსკი ემსხვერპლა, იყვნენ უკრაინის სპეცსამსახურები და მათი აგენტები, მათ შორის საზღვარგარეთ გაქცეული რუსი ოპოზიციონერები.
„ვლადლენ ტატარსკის მკვლელობა დარია ტრეპოვასთან ერთად მოამზადა უკრაინის მოქალაქე იური დენისოვმა, რომელმაც შუამავლის მეშვეობით მიტანის სერვისის საშუალებით მას ასაფეთქებელი მოწყობილობა გადასცა. დენისოვი თებერვალში კიევიდან ლატვიის ტერიტორიის გავლით მოსკოვის რეგიონში ჩავიდა, სადაც მან შეაგროვა ინფორმაცია ტატარსკის შესახებ. 3 აპრილის ტერაქტის შემდეგ ის რუსეთიდან სომხეთის გავლით თურქეთში ტრანზიტით გაფრინდა.“- ნათქვამია განცხადებაში. ФСБ -ს განცხადებით, დენისოვის საერთაშორისო ძებნილთა სიაში შეყვანის პროცედურა დაწყებულია.
ФСБ-ში მიაჩნიათ, რომ დარია ტრეპოვამ სანქტ-პეტერბურგში ტერორისტული თავდასხმა ჩაიდინა ФБК-ის (ალექსეი ნავალნის მიერ შექმნილი კორუფციასთან ბრძოლის ფონდი ) ლიდერების ვოლკოვისა და ჟდანოვის არაერთგზისი მოწოდების შედეგად რუსეთში დივერსიული აქტივობების შესახებ.