კოვიდშეზღუდვები მსოფლიო მასშტაბით მცირე გამონაკლისების გარდა თითქმის მთლიანად გაუქმდა, ადამიანთა ქცევა კი პანდემიამდელ დონეს ბოლომდე არ დაბრუნებია. Financial Times-ის ცნობით ბრიტანეთში ყოველდღიური მგზავრთნაკადი 2020 წლის თებერვლამდელ დონეს 25%-ით ჩამორჩება.
2 წლის წინ დისტანციურ სამუშაოზე გადასვლას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ზოგისთვის ის თავიდანვე აბსოლუტურად მიუღებელი იყო, ზოგისთვის იძულებითი გამოსავალი, ზოგისთვის კი მეტი კომფორტი და დროის დაზოგვის საშუალება. განვითარებად ქვეყნებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემაც გამოჩნდა, თუმცა ეს ბრიტანეთს არ ეხება.
დიდ ქალაქებში ადამიანი სამსახურამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად ყოველდღიურად რამდენიმე საათს კარგავს. სახლიდან მუშაობა დროის და მგზავრობის საფასურის დაზოგვის საშუალებას იძლევა. თუ დასაქმებულთა ნაწილისთვის თანამშრომლებთან პირდაპირი ურთიერთობების არქონა სტრესის მიზეზი გახდა, მეორე ნაწილისთვის პირიქით რუტინა შემცირდა. მათგან ზოგმა პარალელურად ახალი სამსახურის მოძიება და შესაბამისად დამატებითი შემოსავლის მიღებაც მოახერხა.
კომპანიათა ნაწილი ბრიტანეთშიც და ის გარეთაც დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების საშუალებას აძლევენ. დასაქმებულის მსგავსად დისტანციურად მუშაობით, შემცირებული კომუნალური გადასახადების გამო თანხებს დამსაქმებელიც ზოგავს და თუ შესრულებული სამუშაოს ხარისხი ნარჩუნდება მისთვის პანდემიამდელი რეჟიმის დაბრუნების მოტივაცია კლებულობს.