კიევში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტზე შეშფოთება გამოიწვია, რის გამოც ხორბლის ფიუჩერსები 7% - მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times ავრცელებს. მათივე ინფორმაციით ჩიკაგოს ბირჟაზე ხორბლის ფასმა ბუშელზე 9,448 დოლარს მიაღწია, რაც ივნისის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.
გასულ კვირას ყირიმისა და რუსეთის დამაკავშირებელი ხიდის დაზიანების შემდეგ სამხედრო აქტივობის გაძლიერების ფონზე უკვე არსებობდა შეშფოთება, რომ შავი ზღვის მარცვლეულის დერეფნის შეთანხმება კიევსა და მოსკოვს შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, არ განახლდებოდა, როდესაც მისი ვადა ნოემბრის შუა რიცხვებში ამოიწურებოდა. გემების რაოდენობამ, რომლებიც უკრაინის პორტებისკენ მიმავალ გზას ელოდნენ, გასული კვირის ბოლოს 120-ს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.
მარცვლეულით მოვაჭრეები შეშფოთებულნი არიან, რომ მარცვლეულის ფასები კიდევ ერთხელ გაიზრდება, იმ შემთხვევაში თუ გარიგება არ გაგრძელდება, რაც გამოიწვევს სასურსათო დაუცველობას, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკვე მაღალი ინფლაციისა და შიმშილის წინაშე დგანან.
თაკო კვაჭანტირაძე