2022 წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა შენელდება და ინფლაციის ტემპი გაიზრდება. სტაგფლაცია პანდემიის შოკიდან ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გამოსულ მთელს მსოფლიოს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ინფორმაციას კვლევებზე დაყრდნობით Financial Times ავრცელებს.
2020 წელს მსოფლიოს სახელმწიფოების აბსოლუტური უმრავლესობის ეკონომიკა მინუსში გავიდა. პანდემიამდელ ნიშნულს 2021 წელს ყველა ქვეყანა ვერ დაუბრუნდა. იმედის მომცემად 2022 აღიქმებოდა, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
ყველაზე დიდ დარტყმას ომით უკრაინა მიიღებს, რომლის ეკონომიკა წელს შეიძლება 45%-ითაც შემცირდეს, რუსეთის 11.3%-ით, ბელარუსის 6.6%-ით. ჯერჯერობით უარყოფითი ზრდა სხვა ქვეყნებში მოსალოდნელი არაა, თუმცა ზრდის ტემპის პროგნოზი მნიშვნელოვნად შემცირებულია, რასაც რეკორდული ინფლაციაც ემატება. თავის მხრივ ინფლაციის ზრდაზე უშუალოდ პროდუქციის დეფიციტი და საწვავზე ფასების ზრდა მოქმედებს.
კლასიკური განმარტებით სტაგფლაცია არის მოვლენა, როდესაც ერთდროულად ეკონომიკა მცირდება (ან ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ნელდება), უმუშევრობისა და ინფლაციის ტემპი კი მატულობს.