აპრილში შვედი და ფინელი მსხვილი ბიზნესმენები ჰელსინკიში უსაფრთხოების საკითხებში ორი ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი მთავარსარდლები და ფინეთის პრეზიდენტი.
მიიღე ინფორმაცია უფრო სწრაფად „კომერსანტის“ Telegram-ზე.
უახლოეს კვირებში ეს ორი ქვეყანა საბოლოოდ გადაწყვეტს, უღირთ თუ არა ჩრდილოეთ ევროპის ნეიტრალური პოლიტიკის შეცვლა ნატოში გაწევრიანებით. ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ ფინეთი გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს ნატოს მიმართულებით და მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის პოზიცია ჯერ ასე მკვეთრად არ არის გამოხატული, ექსპერტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სტოკჰოლმი ჰელსინკის გზით წავა, წერს გაზეთი Financial Times.
ნატოში გაწევრიანება არა მხოლოდ ამ ჩრდილოევროპული ქვეყნების ბოლო ათწლეულებში ჩამოყალიბებულ საგარეო პოლიტიკას, არამედ ბიზნეს–გარემოსაც შეცვლის გარკვეულწილად. ბევრი ფინური კომპანია წლებია, ითხოვს ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რაც, მათი აზრით, კიდევ უფრო გაამყარებს მათი ქვეყნის პოზიციებს დასავლეთში.
„ყველა ბიზნეს–ლიდერი მყარად უჭერს მხარს ნატოში გაწევრიანებას. ისინი დიდი ხანია ასე ფიქრობენ, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით“, – ამბობს ფინეთის ერთ–ერთი მთავარი მეწარმე.
თუმცა, ჰელსინკიში ბევრს შეუცვალა შეხედულებები და ხედვები რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიამ, შემდეგ უკრაინაში 2014 წელს და ახლა უკვე ფართომასშტაბიანმა ომმა ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ფინურმა კომპანიებმა Nokia, Fazer და ბევრმა სხვამ რუსეთში თავისი ბიზნეს–ოპერირება შეწყვიტეს და აღმოსავლეთიდან ორიენტირი დასავლეთისკენ გადაიტანეს. რუსეთიდან გასვლით მიღებული დანაკარგების ანაზღაურებას კი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებით ანაზღაურებას ცდილობენ.
ერთ–ერთი წამყვანი ბიზნესმენი ჰელსინკიდან აცხადებს, რომ ნატო ფინეთს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტიციებისთვის, განსაკუთრებით უკრაინაში განვითარებული პროცესების შემდეგ.