FTX კრიპტო ბირჟის დაშლის შემდეგ, კრიპტოვალუტის ბირჟა Genesis-საც აქვს ლიკვიდურობის პრობლემა და შესაძლოა, მანაც მალე გამოაცხადოს გაკოტრება. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
FTX ბირჟის გაკოტრებამ შოკში ჩააგდო კრიპტოვალუტის ბაზარი. Genesis-ი აქტიურად თანამშრომლობდა FTX-თან, მათ შორის სესხების გაცემაში. ახლა კომპანია ინვესტორების მოზიდვას ცდილობს, რომლებიც დაახლოებით 1 მილიარდი დოლარის კაპიტალის მობილიზებას შეძლებენ. თუმცა, Genesis-მა ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დაადასტურა.
Bloomberg-ის ცნობით, Genesis-ი მოლაპარაკებებს აწარმოებს კრიპტოვალუტის სხვა ბირჟასთან, Binance-თან. თუმცა, Binance-ში ამასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
FTX-მა გაკოტრების შესახებ Twitter-ზე 4 ნოემბერს გამოაცხადა. ისიც ნათქვამი იყო, რომ კრიპტო ბირჟის აღმასრულებელი დირექტორი სემ ბანკმენ-ფრიდი თანამდებობას ტოვებდა. მანამდე Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისია ბანკმენ-ფრიდის წინააღმდეგ, შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, საქმეს იძიებდა. მარეგულირებელი ორგანო სწავლობს, მონაწილეობდა თუ არა ბიზნესმენი იმ ქმედებებში, რამაც კომპანიის ლიკვიდურობის კრიზისი გამოიწვია.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა