„საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს კოვიდ-19-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასებით გამოწვეულ საგრძნობ შენელებას განიცდის, თუმცა 2020 წელს საქართველოს ინფლაცია 4,5%-მდე, 2021 წელს კი 3,0%-მდე შემცირდება“, - ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აქვეყნებს.
ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა არსებულ კრიზისს ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეხვდა, ამიტომ ინფლაციას ასეთ დაბალ დონეზე დაწევა ძალიან ოპტიმისტური პროგნოზია.
„კრიზისს ძალიან ცუდ პირობებში შევხვდით, მაგალითად რეფინანსირების განაკვეთი 9%-ზეა აწეული, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის პირობებში ვიყავით და ფასების ზრდის საშიშროება იდგა. ახლა რომ გადავხედოთ ნებისმიერი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს რა გეგმები აქვთ, ყველა ამბობს, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში უნდა მოხდეს რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის შემცირება 0%-მდე ან უარყოფით მაჩვენებლამდე, ჩვენ კი 9%-ზე გვაქვს და ეროვნული ბანკი ეკონომიკურ სტიმულირებას ბევრი ფულის გამოშვებითაც კი ვერ მოახერხებს, რადგან ამ შემთხვევაში ფასები გაიქცევა. მეეჭვება, რომ აზიის განვითარების ბანკის ოპტიმისტური პროგნოზი შესრულდეს, რადგან ერთის მხრივ პოსტკრიზისულ პერიოდში ხელისუფლება იძულებული იქნება ბიუჯეტის დეფიციტი და ხარჯვა ეკონომიკაში გაზარდოს, მეორე მხრივ კი ამ პირობებში რეფინანსირების განაკვეთი 9%-ზე გვაქვს, შესაბამისად ასეთ შემთხვევაში ინფლაცია გაიზრდება. ჩვენი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა ძალიან ცუდ მდგომარეობაში შეხვდა არსებულ კრიზისს, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ამ პირობებში ინფლაციას ასეთ დაბალ დონეზე დაწევენ“, - განმარტა მერაბ ჯანიაშვილმა.
ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი თვლის, რომ ინფლაცია 3-4%-მდეც რომ შემცირდეს, მასში პირველადი მოხმარების საგნების წილი ძალიან მაღალია, რადგან მათზე ფასების ზრდა საკმაოდ შესამჩნევია.
„ბოლო თვეების მონაცემების ტენდენცია წლიური ინფლაციის შემცირებისკენ იყო, მაგრამ ეს მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ წინა წლის შესაბამის დროს ფასების ზრდა ნაკლებად დაფიქსირდა. თუმცა, ამ ეტაპზე ინფლაცია შესაძლოა შემცირების ტენდენციით წავიდეს, მარტივი მიზეზის გამო, რომ თითქმის ყველაფერზე მოთხოვნა მცირდება და ამის ფონზე შეიძლება ფასებიც შემცირდეს, მაგრამ მთავარი მაინც ფულის მასაა და ვინც რაც არ უნდა იწინასწარმეტყველოს, მნიშვნელოვანია როგორი იქნება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა. თუ ფულის მასას გაზრდიან ინფლაცია გაიზრდება და თუ შეამცირებენ შემცირდება, გააჩნია როგორ ინტერვენციას განახორციელებენ და ფულის მასის კონტროლი როგორ მოხდება. საერთო ჯამში, ერთადერთი რაც სამწუხარო ინფორმაციაა, თუნდაც ინფლაცია შემცირდეს და დავიდეს 3-4%-მდე, ინფლაციაში პირველადი მოხმარების საგნების წილი ძალიან მაღალია, რადგან მათზე ფასების ზრდა საკმაოდ შესამჩნევია, რომელიც პირველ რიგში გაჭირვებულ მოსახლეობას აზარალებს“, - აცხადებს ზვიად ხორგუაშვილი.
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.4 პროცენტი შეადგინა.
ნინო თამაზაშვილი