ლარი ყოველდღიურად გამყარების ახალ რეკორდებს ხსნის. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ბოლო ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.5763 ლარი შეადგინა, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 2018 წლის 30 აგვისტოს დაფიქსირდა, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.5752 ლარი იყო.
საბანკო სფეროს სპეციალისტი, ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე ამბობს, რომ ლარი პოზიციებს იქამდე გაიუმჯობესებს, სანამ ის მთავარი ტენდენციები შენარჩუნდება, რაც კურსს გამყარებას უწყობს ხელს.
„კურსის პროგნოზირება ძალიან რთულია, თუმცა შეგვიძლია რამდენიმე ფაქტორი ვივარაუდოთ. ერთ-ერთი არის მიმდინარე ბალანსის მდგომარეობა თუ როგორ ხდება მისი შევსება, სადაც იგულისხმება ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, ვაჭრობა, ფულადი ტრანსფერები, უცხოური კაპიტალის შემოდინება და ა.შ. მიმდინარე ეტაპზე, ფაქტია, რომ ჯერჯერობით ექსპორტის ზრდა წინ უსწრებს იმპორტის ზრდას, აქ ტემპები იგულისხმება, ანუ ექსპორტი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე იმპორტი. ეს დადებითად აისახება კურსზე და მომავალში თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება, ქართულ ვალუტაზე იმოქმედებს პოზიტიურად.
დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფაქტორსაც და მისი მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას, ისინი აქ იღებენ შემოსავლებს, რომელიც უცხოურ ვალუტაშია გადმორიცხული, თუმცა, ეს ფაქტორი უნდა ჩავთვალოთ, როგორც ერთჯერადი. მნიშვნელოვანი გარემოება არის ეკონომიკური ზრდა. ეს უკანასკნელი რაც უფრო სწრაფია, მით უფრო დადებითი გავლენა აქვს ლარის კურსზე. გარდა ამ ფაქტორებისა გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, რომლის წინასწარმეტყველებაც შეუძლებელია.
ფუნდამენტური ფაქტორები დადებითია და კურსზე პოზიტიურად მოქმედებს, ამიტომ თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, კურსი გამყარებას გააგრძელებს. ეს მოხდება საშუალოვადიან პერიოდში. ამავე დროს მნიშვნელოვანია როგორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას გააგრძელებს ეროვნული ბანკი, რადგან კურსს მაინც არეგულირებს ფულად საკრედიტო პოლიტიკა. რეფინანსირების განაკვეთი ჯერჯერობით მაღალია, რაც დადებითად აისახება კურსზე, მაგრამ დიდხანს შეიძლება არ შეინარჩუნონ ასეთი პოლიტიკა”, - აღნიშნა გოჩა თუთბერიძემ.
დღეს ლარი Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც აქტიურად მყარდება და 2.5725-იან ნიშნულზეა, რაც ბოლო წლების გამყარების რეკორდული მაჩვენებელია.