მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოების ლიდერები გეგმავენ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ქიმიური ან ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ გააფრთხილონ. ამის შესახებ საუბარია იმ განცხადების პროექტში, რომლის გამოქვეყნებასაც შვიდეულის ჯგუფი დღეს აპირებს.
G-7-ის ლიდერები ასევე გეგმავენ, განაცხადონ, რომ გააგრძელებენ რუსეთისთვის „მძიმე შედეგების“ მოტანას უკვე დაწესებული სანქციების სრულად განხორციელებით. ისინი ასევე მზად არიან გამოიყენონ დამატებითი ზომები.
„ვავალებთ შესაბამის მინისტრებს, რომ დააკვირდნენ სანქციების სრულად განხორციელებას და კოორდინაცია გაუწიონ რეაგირებას, რომელიც უკავშირდება ზომების თავიდან აცილებას, მათ შორის რუსეთის ცენტრალური ბანკის ოქროს ტრანზაქციებს",- ნათქვამია Bloomberg-ის მიერ მოპოვებულ განცხადებაში.
G-7-ის ქვეყნები ასევე გეგმავენ მოუწოდონ სხვა ქვეყნებს, დაუწესონ სანქციები რუსეთს და მისი მხარდაჭერისგან თავი შეიკავონ.
"მეტიც, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, არ გაუწიონ სამხედრო ან სხვა სახის დახმარება რუსეთს, რაც ხელს შეუწყობს უკრაინაში აგრესიის გაგრძელებაში",- ნათქვამია განცხადების პროექტში.
ლიდერები ასევე გეგმავენ დახმარება აღუთქვან ქვეყნებს, რომლებიც ცდილობენ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულებას თავი დააღწიონ.
„ვალდებულებას ვიღებთ, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ეტაპობრივად შეწყვიტონ თავიანთი დამოკიდებულება რუსული გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტზე“,- ნათქვამია პროექტში.
მოსალოდნელია, რომ აშშ და ევროკავშირი ხვალ განაცხადებენ შეთანხმების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის ენერგიაზე ევროპის დამოკიდებულების შემცირებას.
ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის ლიდერების სამიტი მიმდინარეობს. ბრიუსელში იმყოფება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც.