„დიდი შვიდეულის“ (G7) და დასავლეთის რამდენიმე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, 29 დეკემბერს მოუწოდეს ავღანეთში თალიბანის უფროსებს, სასწრაფოდ გააუქმონ აკრძალვა ქალების მიმართ, რომლებიც მუშაობენ ომის შედეგად განადგურებული ქვეყნის ჰუმანიტარული დახმარების სექტორში.
ეს აკრძალვა უკანასკნელი დარტყმაა ავღანეთში ქალთა უფლებებზე მას შემდეგ, რაც თალიბანმა ძალაუფლება დაიბრუნა გასული წლის აგვისტოში, აშშ-ის მეთაურობით ამ ქვეყანაში მყოფი საერთაშორისო ძალების გაყვანის შემდეგ.
ამ თვის დასაწყისში, რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ ქალებს აუკრძალა უნივერსიტეტებში სიარული, რამაც მსოფლიოში აღშფოთება და ავღანეთის ზოგიერთ ქალაქში საპროტესტო რეაქცია გამოიწვია.
თალიბანმა ადრე უკვე აუკრძალა მოზარდ გოგონებს საშუალო სკოლაში სიარული.
„დიდი შვიდეულის მინისტრებმა, ისევე როგორც ავსტრალიამ, დანიამ, ნორვეგიამ, შვეიცარიამ და ნიდერლანდმა, ერთობლივ განცხადებაში „სერიოზული შეშფოთება“ გამოთქვეს, „თალიბანის უგუნური და საშიში ბრძანებით... [რომელიც] საფრთხეს უქმნის მილიონობით ავღანელს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარებაზე არიან დამოკიდებულნი იმისთვის, რომ გადარჩნენ.
მოვუწოდებთ თალიბანს, სასწრაფოდ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება, ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ მათ განცხადებაში.