ფილმ Rust-ის რეჟისორის თანაშემწემ მემი მიტჩელმა გადასაღებ მოედანზე სროლის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ გამოცემა Variety წერს.
მიტჩელი ფილმის პროდიუსერებს, მთავარი როლის შემსრულებელ ალეკ ბოლდუინს, რეჟისორის თანაშემწე დეივ ჰოლზს და რეკვიზიტორ ჰანა გუტიერეს-რიდს უჩივის.
მემი მიტჩელის განცხადებით, მან „ფიზიკური და ემოციური“ ტრავმა მიიღო, როდესაც ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ოპერატორი გალინა ჰატჩინსი მოკლა და რეჟისორი ჯოელ სოუსა დაჭრა. მემი მიტჩელი ინციდენტის დროს ბოლდუინისგან ერთ მეტრში იდგა და სწორედ მან გამოიძახა ადგილზე პოლიცია.
მიტჩელის მტკიცებით, სცენარში სროლის ეპიზოდი არ იყო გაწერილი. მისი განცხადებით, იმ დღეს კამერები ისე იყო დამონტაჟებული, რომ ალეკ ბოლდუინის სახე და დასისხლიანებული მხარი უნდა გადაეღოთ. ამის შემდეგ ბოლდუინს ხელი რევოლვერისკენ უნდა წაეღო, თუმცა სცენარში არ იყო გაწერილი, რომ ბოლდუინს ან ვინმე სხვას სროლა უნდა დაეწყო.
ეს ბოლდუინისა და ფილმის გადამღები ჯგუფის მიმართ შეტანილი მეორე სარჩელია. მანამდე სასამართლოს გამნათებელთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, სერგეი სვეტნოიმ მიმართა.
ოპერატორი ჰალინა ჰატჩინსი ჰოლივუდის ცნობილმა მსახიობმა, ალეკ ბოლდუინმა ფილმ Rust-ის გადასაღებ მოედანზე სარეკვიზიტო იარაღით მოკლა. დაჭრილი რეჟისორი ჯოელ სოუზა კი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. ფილმის გადამღები კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტი იმ სცენის გადაღების დროს მოხდა, როდესაც ბოლდუინს ცარიელი ვაზნებით უნდა ესროლა.
imedinews.ge