ლარის გაუფასურებამ და რუსეთიდან სავალუტო ნაკადების შემცირებამ შეიძლება საქართველოს საბანკო სექტორზეც მოახდინოს გავლენა და სესხები გაძვირდეს. ცვლილება გარკვეულ დონეზე მოსალოდნელია, თუმცა საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსანდრე ძნელაძე ირწმუნება, რომ მკვეთრი ზრდა არ მოხდება, რადგან ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეზერვებს გამოიყენებს.
,,გაზაფხულიდან, განსაკუთრებით ზაფხულიდან ინფლაციის შემცირებას ველოდით. თუმცა სავარაუდოდ შეიძლება პირიქით მოხდეს მიმდინარე პროცესების გამო. ეროვნულ ბანკს ინფლაცია რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საშუალებას მისცემდა. მოკლევადიან პერიოდში მოხდა სავალუტო რყევები, რის გამოც რეზერვების გამოყენება გახდება საჭირო. ამან უნდა უზრუნველყოს ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. გარკვეულწილად საბანკო სექტორი რისკების დაზღვევას შეეცდება. შეიძლება ამისთვის შიდა ნორმატივი გამკაცრდეს, მაგრამ საპროცენტო განაკვეთებზე მკვეთრად არ აისახება, ამ ეტაპზე გამოვრიცხავ. რა ზომებს მიიღებენ ბანკები, დიდწილად დამოკიდებული იქნება ეკონომიკურ მდგომარეობაზეც, მათ შორის, საგარეო ვაჭრობასა და ფულადი ნაკადების მოძრაობაზე. უკრაინაც და რუსეთიც საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან და საბანკო გადარიცხვებში დიდი ნაწილი უჭირავთ. ცხადია, შემოსავლები შემცირდება. აქედან გამომდინარე, სესხებთან დაკავშირებით გარკვეულ კორექტირებას შეიტანენ, მაგრამ მკვეთრ ცვლილებას არ ველოდებით“, - ამბობს ალექსანდრე ძნელაძე ,,კომერსანტთან“.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ერთბაშად 9,5%-დან 20%-მდე გაზრდის შემდეგ, რუსულმა ბანკებმა სესხებზე პროცენტები გაზარდეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, სამომხმარებლო სესხებზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 12,9%-დან 29,9%-მდე გაიზარდა. მოიმატა განაკვეთმა იპოთეკურ სესხებზეც და ამ დროისთვის საშუალოდ 18,6%-ს შეადგენს.
მარი ჩიტაია