23-26 ივლისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი აბდულა შაჰიდი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი განიხილავს, როგორც საქართველოს გაეროში გაწევრიანების 30 წლის იუბილეს, COVID-19 კრიზისის შემდგომ აღდგენას, მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებას, მდგრად ტურიზმს, ახალგაზრდობისა და ქალთა საკითხებს, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტის „იმედის პრეზიდენტობის“ დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებში მულტილატერალიზმის გაძლიერებას.
ვიზიტის ფარგლებში გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. დაგეგმილია შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.
საქართველოს პარლამენტში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი შაჰიდი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს. იგი ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესაბამისად საქართველოს საჯარო მმართველობისა და ღია მმართველობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სფეროებში განხორციელებულ რეფორმებს. 2012 წელს იუსტიციის სახლს მიენიჭა გაეროს საჯარო სერვისების ჯილდო.
ოფიციალური ვიზიტის დროს, პრეზიდენტ შაჰიდს ასევე შესაძლებლობა ექნება შეხვდეს ახალგაზრდობისა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
გენერალური ასამბლეის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოში გაეროს სააგენტოთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობს გაეროს მუდმივი კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კემლინ ფურლი.