2022 წლის ბოლოსთვის გაერთიანებული სამეფოს სასტუმროებისა და რესტორნების მესამედზე მეტი, ხარჯების გაზრდის გამო, შესაძლოა ზარალზე აღმოჩნდეს ან გაკოტრდეს. ამას მოწმობს ბრიტანეთის ლუდისა და პაბის ასოციაციის (BBPA), სტუმარმასპინძლობის კომპანიების ასოციაციების UKHospitality-ისა და ბრიტანული სასტუმროსა და სტუმართმოყვარეობის ინსტიტუტის ჩრდილოეთ ირლანდიის ოლსტერის ერთობლივი ანგარიშის შედეგები.
„კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტთა 35%-ი ელოდება, რომ ამ წლის ბოლომდე იმუშავებს ზარალზე ან გახდება წამგებიანი“, - ნათქვამია UKHospitality ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ირვევა, რომ ამ მაჩვენებლის მიზეზი არის ენერგიის მაღალი ხარჯები (ბიზნესის 96%-ისთვის) და სურსათზე ფასების ზრდა (93%). ამასთან, 77%-ი აქცენტს ვიზიტორთა რაოდენობის შემცირებაზე აკეთებს, ხოლო 85% სიტუაციის გაუარესებას ელის, ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 89%-ი ფიქრობს, რომ არ არის დარწმუნებული ან პესიმისტურადაა განწყობილი, რომ სახელმწიფო დახმარება დაასტაბილურებს სიტუაციას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში.
რუსეთზე დასავლეთის სანქციების ზეწოლის გამო მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ ევროპასა და შეერთებულ შტატებში საწვავისა და სურსათის ფასების ზრდა გამოიწვია. დიდ ბრიტანეთში, ცხოვრების მზარდმა ღირებულებამ მილიონობით ოჯახი დააზარალა.
ინგლისის ბანკმა გაზარდა საბაზისო საპროცენტო განაკვეთი 1,75%-დან 2,25%-მდე წლიურად, რაც ყველაზე მაღალი იყო 2008 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც ის 2%-ს შეადგენდა. ბანკის პროგნოზით, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა რეცესიაში შევა მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალში. სექტემბერში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 10,1%-ს მიაღწია.