საქართველოს ორი ზამთრის კურორტი - ბაკურიანი და გუდაური ტურისტულ სეზონს უწყლოდ შეხვდა. წყალმომარაგების აღსადგენად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ამ დროისათვის, გუდაურში „რედკოს დასახლებას“ წყლის მიწოდება აღუდგა. ბაკურიანში კი წყალმომარაგების მხრივ შექმნილი მდგომარეობის გამოსასწორებლად მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. თუმცა კურორტები უკვე უამრავმა ტურისტმა დატოვა და სასტუმროების უმრავლესობა ცარიელია.
აქტიური სეზონის დაწყებამდე, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებდნენ, რომ დაბა ბაკურიანში, წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია და ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაასრულდა და „ზამთრის სეზონზე ადგილობრივები და ბაკურიანში ჩასული დამსვენებლები სტაბილური წყალმომარაგებით ისარგებლებდნენ“. თუმცა, 2019 წლის 31 დეკემბრიდან ბაკურიანში და გუდაურში ჩასულ დამსვენებლებს, რამდენიმე დღის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომლის დაქვემდებარებაშიც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ იმყოფება, კურორტებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ არსებობის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ის საზოგადოების, მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი ხდება. კომპანიის ათწლიანი ისტორიის მანძილზე ის არაერთხელ ფიგურირებდა კორუფციული სქემის, დაუსაბუთებელი პრემია-დანამატების გაცემის და თანამშრომელთა უსაფუძვლო გათავისუფლების ფაქტებში.
რამდენიმე თვის წინ, „კომერსანტთან“ საუბრისას წყალმომარაგების კომპანიის მიერ გათავისუფლებული თანამშრომლის ადვოკატი ნინო ლიპარტია აცხადებდა, რომ 2018 წლის მაისის ბოლოს, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ ახალი დირექტორი ეკატერინე გალდავა დაინიშნა და ამ პერიოდიდან აქტიურად დაიწყო ახალი თანამშრომლების მიღება და მათზე დაუსაბუთებელი პრემია-დანამატების გაცემა.
„სახელფასო ანაზღაურების გარდა პრემია დანამატები დაუსაბუთებლად, მათ შორის, იმ პირებზე გაიცემოდა, რომლებიც გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული. პრემია-დანამატების მიღების წესი და ობიექტური კრიტერიუმები ორგანიზაციის მიერ შემუშავებული არ იყო. შინაგანაწესში შესაძლებელი იყო ფულადი ჯილდოს გაცემა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. პრემიისა და ყოველთვიური დანამატის გაცემას დოკუმენტი არ ითვალისწინებდა“, - აცხადებდა ნინო ლიპარტია.
ასევე აღსანიშნავია, რომ ადვოკატის ინფორმაციით, კომპანიიდან 60 თანამშრომელი გათავისუფლდა. კომპანიის ინფორმაციით, რეორგანიზაციას საფუძვლად დაედო ეკონომიკური გარემოება, ამიტომ აუცილებელი გახდა ფინანსების დაზოგვა და შემცირება. თუმცა, ეკატერინე გალდავას ერთწლიანი დირექტორობის პერიოდში, კომპანიის თანამშრომლებზე გაცემული პრემია-დანამატების რაოდენობამ 1 700 000 ლარი შეადგინა. ასევე, აღსანიშნავია, რომ კომპანიაში თითქმის არასოდეს ჩატარებულა კონკურსი და სამუშაოზე აყვანა დირექტორის უფლებამოსილების ფარგლებში ხდებოდა.
კომპანიაში პრემია-დანამატების გაცემის თემა, მანამდეც აქტუალური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია წელს ყოველთვის ზარალით ასრულებდა. მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში ნათქვამია, რომ მიუხედავად მწვავე ფინანსური პრობლემებისა, 2013 წელს კომპანიაში დასაქმებულ პირთა ხელფასებზე 14,6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, ხოლო დანამატების სახით გაცემულ იქნა 2,9 მილიონამდე ლარი. 2014 წლის განმავლობაში ხელფასებში გაიცა 18,2 მილიონამდე ლარი, ხოლო დანამატის სახით - 2,5 მილიონ ლარზე მეტი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ საგამოძიებო ორგანოების მიერ გამოვლენილი იქნა, რომ აღნიშნულ უწყებაში 2013-2014 წლებში ადგილი ჰქონდა ფინანსურ მაქინაციებს. შსს-ს ინფორმაციით „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თანამზრახველებთან ერთად, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კომპანიის კუთვნილი 2 227 887 ლარი მიითვისა. ამ დროს, კომპანიის ხელმძღვანელი არჩილ ცაბუტაშვილი იყო. საინტერესოა აგრეთვე ისიც, რომ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ყოფილი მთავარი ბუღალტერის, ბრალდებული თამარ ფხოველიშვილის განცხადებით, არჩილ ცაბუტაშვილმა დაკითხვისას რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნის გვარი ახსენა, კერძოდ, მან აღნიშნა, რომ ცაბუტაშვილი ყოფილი მინისტრების, ელგუჯა ხოკრიშვილისა და დავით შავლიაშვილის ახლო მეგობარი იყო.
მიუხედავად კომპანიაში არსებული ფინანსური მაქინაციებისა, კორუფციული სქემისა, ათეულობით მილიონიანი ზარალისა (კომპანიის ზარალმა 2018 წელს 52,9 მილიონი ლარი შეადგინა) და როგორც აღმოჩნდა წყალმომარაგების სამუშაოების არაჯეროვნად შესრულებისა, მისი ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება. თუ 2015 წელს კომპანიის ბიუჯეტი 80 მლნ. ლარი იყო, 2016 წელს - თითქმის 119 მლნ. ლარზე მეტი გახდა, 2017 წელს - 120 მლნ ლარი, 2018 წელს - 150 მლნ. ლარი, ხოლო 2019 წელს 163 მლნ. ლარს გადააჭარბა. გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით, 2020 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის “ ბიუჯეტი დაახლოებით 38 მილიონი ლარით იზრდება.
ნინო თამაზაშვილი