დღეს პარიზში და მის შემოგარენში სამგზავრო გადამზიდავი კომპანიის RATP-ის თანამშრომლები მასობრივ გაფიცვას მართავენ. გაფიცვის მიზეზი სამუშაო პირობებით უკმაყოფილებაა. ამის შესახებ ინფორმაცია ფრანგულ მედიაში ვრცელდება.
საფრანგეთის დედაქალაქში მეტროპოლიტენის შვიდი ხაზია დაკეტილი, დანარჩენზე - მატარებლების მოძრაობა მხოლოდ დილის და საღამოს პიკის საათებშია შესაძლებელი.
პარიზის მაცხოვრებლები და სტუმრები გააფრთხილეს, რომ სამგზავრო მატარებლის ხაზებზე მოძრაობა მნიშვნელოვანი შეფერხებებით განხორციელდება. ქალაქგარეთ მცხოვრები თანამშრომლები დამქირავებლებს სთხოვენ რომ, გაფიცვის გამო, მათ დისტანციური მუშაობის უფლება მისცენ.
გაფიცვაში მონაწილეობენ მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტის თანამშრომლებიც, ამიტომ ქალაქში ავტობუსების რაოდენობა მესამედითაა შემცირებული.
ფრანგული მედიის ცნობით, საზოგადოებრივ ტრანსპორტის შეფერხების გამო, დედაქალაქის მაცხოვრებლები პირად ავტომობილებზე გადავიდნენ, რის შედეგადაც საფრანგეთის დროით 07:45 საათისთვის პარიზის გზებზე თითქმის 300 კილომეტრიანი საცობი იყო.
RATP-ის თანამშრომლები უკმაყოფილონი არიან სამუშაო პირობებით და ხელფასების გაზრდას და, დატვირთვის შესამცირებლად, ახალი თანამშრომლების აყვანას მოითხოვენ.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა