2023 წლის იანვარში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 5.2%-ით შემცირდა. როგორც „საქსტატში“ აღნიშნავენ, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 23.4%-იანი კლებით, რამაც -4.8 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, თუ რატომ შემცირდა მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი.
„აპექს დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი ვლადიმერ რობაქიძე ამ მონაცემებს იანვრის თვის თავისებურებებით ხსნის.
„ზოგადად სამშენებლო სექტორში ხელფასები რიგდება თვის დასაწყისში. რადგან დეკემბერი იყო და წელი სრულდებოდა, ეს ხელფასი დარიგდა დეკემბრის ბოლოს. რაც შეეხება იანვრის ხელფასს, ის დარიგდებოდა თებერვლის დასაწყისში. რეალურად მოხდა ის, რომ პრაქტიკულად იანვარში ხელფასები არ დარიგებულა და ამან უკვე საქსტატში ცვლილება განაპირობა კლების მხრივ. თებერვალში უკვე ჩვეულებრივ მატებისკენ იქნება ტენდენცია. ხელფასების რაოდენობრივი შემცირება არ მომხდარა, პირიქით ზრდაა. ჩვენი კომპანიის მაგალითზე დეკემბერ-იანვართან შედარებით დაახლოებით 10%-იანი ზრდაა,“ - განაცხადა ვლადიმერ რობაქიძემ.