ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, რეფინანსირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირება მოსალოდნელი არაა. თუმცა როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელი „ბიზნეს პალიტრას“ ეთერში აცხადებს, რეფინანსირების განაკვეთი არსებულ რეალობაში უკვე მაღალ ნიშნულზეა და შესაბამისად, მისი ზრდა ნაკლებად მოსალოდნელია.
„რეალურად, რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ველოდები და ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ საპროცენტო განაკვეთი არ გაიზრდება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალ ნიშნულზეა. უშუალოდ ივნისსა და ივლისში არ ველოდებით, რომ საპროცენტო განაკვეთი შემცირდება. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის პროგნოზი გამართლდა და წლის ბოლოს ინფლაციამ შემცირება დაიწყო, მაშინ მას ექნება შესაძლებლობა, რომ რეფინანსირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 9%-მდე შეამციროს“, - აღნიშნავს ალექსანდრე ძნელაძე.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 22 ივნისს გაიმართება.
bpn.ge