ხვალ, 21 დეკემბერს, რეფინანსირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთის გაზრდა მოსალოდნელი არ არის, ამის შესახებ „კომერსანტთან“ სფეროს ექსპერტები საუბრობენ. მიუხედავად მაღალი ინფლაციისა, რეფინანსირების განაკვეთი არსებულ რეალობაში უკვე მაღალ ნიშნულზეა და შესაბამისად, მისი ზრდა ნაკლებად სავარაუდოა.
ფინანსისტი მიხეილ თოქმაზიშვილი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აკვირდება ფასების მოძრაობას და იმის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით.
„ვფიქრობ, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს არ გაზრდის. რეფინანსირების განაკვეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ფასების სტაბილიზაცია, როდესაც ის მაღალია, ეს განპირობებულია ინფლაციით, რომელიც საქართველოში და მთელ მსოფლიოში ძალიან მაღალია. ამ თვალსაზრისით ეროვნული ბანკი თვიდან-თვემდე უკვირდება ფასების მოძრაობას და იღებს გადაწყვეტილებას. ინფლაცია მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, მსოფლიოც კი გაოგნებულია და მკაცრი მონეტარული პოლიტიკით ძნელად თუ ახერხებენ მის უმნიშვნელო შემცირებას. ამ ვითარებაში ეროვნული ბანკი ხედავს, რომ ფასები დაბლა არ ჩამოდის, ინფლაცია კი მაღალია და შესაბამისად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც მაღალი რჩება, თუმცა მას უარყოფითი მხარეც აქვს, ის განსაკუთრებით დიდი დარტყმას ახდენს მიწოდებაზე, მეწარმეებზე, რომელსაც უძვირდებათ სესხები და უმცირდებათ აქტივობა“, — ამბობს მიხეილ თოქმაზიშვილი.
მსგავსი პროგნოზი აქვთ „თიბისი კაპიტალშიც“. მათი ინფორმაციით, სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს უცვლელად, 11%-ზე დატოვებს.
„თიბისი კაპიტალის პროგნოზი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მარტში პირველ შემცირებასთან და მანამდე უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით უცვლელია“, - აცხადებენ თიბისი კაპიტალში.
აღსანიშნავია, რომ მონეტარული პოლიტიკის სხდომა ხვალ, 21 დეკემბერსაა ჩანიშნული. ბოლო 5 სხდომის განმავლობაში, ანუ 30 მარტიდან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტს განაკვეთი (11%) არ შეუცვლია. 2008 წლის შემდეგ კი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 11%-იანი ნიშნული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.