საქართველოს ეკონომიკაზე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის შესაძლო სცენარებზე Galt&Taggart ახალ ანგარიშს აქვეყნებს. ორგანიზაციის შეფასებით, ომის დაწებამ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის, ინფლაციის დონის და ვალუტის კურსის მოლოდინების გაუარესება გამოიწვია.
Galt&Taggart-ის საბაზო სცენარით, 2022 წელს ნავარაუდევი იყო საქართველოს ეკონომიკის 5.0%-ით ზრდა, ინფლაციის საშუალო დონის 4.9%-მდე და ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის 9.0%-მდე შემცირება, ასევე დოლარის საშუალო გაცვლითი კურსის 3.1 ლარის ფარგლებში დასტაბილურება. თუმცა, გეოპოლიტიკური ვითარების გაუარესებამ და რუსეთ-უკრაინას შორის ომის დაწყებამ Galt&Taggart-ის მოლოდინების ცვლილება გამოიწვია.
Galt&Taggart-ის პირველი სცენარი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის 1-2 თვეში მოგვარებას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლი 3%-მდე შემცირდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 10.5% დარჩება, ინფლაციის დონე 7%-მდე დაიწევს და დოლარის კურსი 3.25 ლარის ფარგლებში იქნება.
Galt&Taggart-ის მეორე სცენარი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის გაჭიანურებას და რუსეთზე დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 1%-ით შემცირდება, რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე გაიზრდება და ქვეყანაში ინფლაციის დონის 9% იქნება, დოლარის გაცვლითი კურსი კი 3.4-ლარიან ნიშნულამდე იქნება.