2022 წლის 1 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, საგარეო საქმეთა სამინისტრო პროექტის - „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ შესარჩევ კონკურსს აცხადებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
„პროექტის მიზანია როგორც ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავება და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა, ასევე საზღვარგარეთ საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში, დაფინანსდება საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ანსამბლების ფუნქციონირების და მათი შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით წარმოდგენილი პროექტები. აღნიშნული პროგრამა 2021 წლიდან ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ 117 ქართული ანსამბლი მოქმედებს.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ:
კონკურსში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა და გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება კონკურსის წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები;
უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს, 2022 წლის 1 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით, პროგრამის მიზნების შესაბამისად, პროექტების წარდგენა შეეძლებათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: folk@mfa.gov.ge (საგრანტო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტების მიღება, მითითებული ვადების გათვალისწინებით, ხდება მხოლოდ ელექტრონულად);“ – ნათქვამია ინფორმაციაში.