რამდენიმე კვირიანი გამყარების შემდეგ ორშაბათს ლარი ისევ გაუფასურდა. ოფიციალურმა კურსმა, რომელიც 15 თებერვალს შევა ძალაში 2.9687-ს მიაღწია, Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14 თებერვალს 1 აშშ დოლარი თბილისის დროით 17:30 სთ-ისთვის 2.9800 ღირს, სავალუტო ჯიხურებში კურსი 3.00-ს აღწევს, ბანკებში კიდევ უფრო მეტს.
1-ლი იანვრიდან 9 თებერვლამდე ლარი მკვეთრად 17 თეთრით 2.92-მდე გამყარდა, რაც ბოლო 23 თვის რეკორდი იყო და პანდემიამდელ მაჩვენებელს უტოლდებოდა. 10 თებერვლიდან კი კურსმა ისევ გაუფასურება დაიწყო. ექსპერტთა ნაწილმა გამყარება სების მიერ რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირებას დაუკავშირა.
მაკროეკონომიკური გარემო დიდად არ გაუმჯობესებულა. იანვარში მართალი ექსპორტი პროცენტულად იმპორტზე მეტად გაიზარდა, მაგრამ ასევე $110 მლნ-ით გაიზარდა უარყოფითი სავაჭრო ბალანსიც. ტურიზმი წინა თვეებშიც იზრდებოდა. ფულადი გზავნილების შესახებ ინფორმაცია 15 თებერვალს გახდება ცნობილი, გაზრდის შემთხვევაშიც ის ვერ გახდებოდა მკვეთრი გამყარების მთავარი მიზეზი.