გამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავენ, რომ მოთხოვნა პანდემიამდელ მაჩვენებელს თითქმის, დაუბრუნდა. იმავდროულად ყველა მიმართულებით, გაზრდილია, როგორც ავია ბილეთების, ასევე სასტუმროების და აქედან გამომდინარე სრული ტურისტული პაკეტების ფასი.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას GO Tour-ის დირექტორი ნინო წიკლაური აღნიშნავს, მისი კომპანიის გაყიდვებით, ყველაზე პოპულარული მიმართულება თურქეთია, ასევე აქტიური მოთხოვნაა აბუ დაბის, დუბაის და შარმ ელ შეიხის მიმართულებითაც. თუმცა 31 დეკემბრამდე საქართველოდან შარმ ელ შეიხის მიმართლებთ პირდაპირი ფრენები არ არის.
„სექტორში, რა თქმა უნდა გამოცოცხლება შეინიშნება და მოგზაურობაზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ვერ ვიტყვი, რომ პანდემიამდელ მაჩვენებელს გაუტოლდა, თუმცა ხალხი მაინც მოგზაურობს, ზოგი საქმეზე, ზოგი დასასვენებლად მიდის. შემოდგომაზე ძირითადი მიმართულებები თურქეთი, მათ შორის სტამბულია. ასევე ძალიან აქტუალურია, შარმ ელ შეიხი, ასევეა აბუ დაბის მიმართულებაც. თუმცა რადგან შარმ ელ შეიხის მიმართულებით პირდაპირი ფრენები არ არსებობს, ხალხი თავს იკავებს. ამ მიმართულებაზე ფრენები შარშან ზამთარში მოიხსნება, თუმცა 31 დეკემბრიდან კვლავ აღდგება.
აღსანიშნავია, რომ ძალიან არის გაძვირებული ფრენის საფასური. თუ ადრე 60 ევროდ ყიდულობდნენ ორივე გზას, დღეს იგივე მიმართულების ფასი 1000 ლარამდეც ადის. ასევე გაძვირებულია სასტუმროებიც. ეს საკითხი ცოტა აფერხებს ნაკადებს, რადგან ფასების დასტაბილურებას ელოდებიან. ჩვენ მიჩვეულები ვიყავით ქუთაისიდან ევროპაში ძალიან დაბალ ფასიან ტურებს და ახლა ეს ბუნებაში აღარ არსებობს. შეიძლება ითქვას, რომ ფასები გაორმაგებულია, ზოგჯერ გახუთმაგებულიც კი“, - აღნიშნა ნინო წიკლაურმა.
Voyager 365-ის გენერალური მენეჯერი გოგა ქუცნიაშვილი აღნიშნავს, რომ Voyager 365-ის მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები ვენა, ბუდაპეშტი, პრაღა და ბერლინია, ხოლო ზამთარში აქტიურდება აზიის მიმართულება.
„ტურიზმის სექტორი აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან ახლოს ვართ პანდემიამდელ ნიშნულთან, რაც შეეხება ფასებს ზაფხულის სეზონზე ფასები ძალიან მაღალი იყო, რადგან საავიაციო საწვავი გაძვირდა, რაც პირდაპირ აისახა ბილეთის ფასზე. ასევე საგრძნობლად არის სასტუმროებიც გაძვირებული. ამ ყველაფერმა კი ტურების ფასი გააძვირა. თუმცა შემოდგომა ზამთრის სეზონზე ფასები უფრო დასტაბილურებულია“, - აღნიშნა გოგა ქუცნაშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე