ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანაორგანიზებით 2020 წლის 29 მაისს გაიმართა საჯარო-კერძო დიალოგი „პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ს შემდეგ”.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო სამომავლო გეგმები პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებით და ინტერაქციულ რეჟიმში მიმოიხილა COVID-19-ის შემდეგ ბიზნესის წინაშე არსებული გამოწვევები.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა სექტორებიდან და მოწვეული ბიზნესის/სექტორული ასოციაციების წარმომადგენლები, კერძოდ, მანანა უგულავა - ტურიზმის და გასტრონომიის აკადემია, ასევე, ლე-როშეს წარმომადგენელი საქართველოში, როლანდ ბურდიაშვილი - “შუხმან ვაინს ჯორჯია”, ივა ჭყონია - საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, თორნიკე თოხაძე - საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების ასოციაცია და კომპანიის SkyHi დამფუძნებელი, ალექს ჩიბარაშვილი - თეგეტა აკადემია, არჩილ მართალიშვილი - კომპანია “აჭარა ტექსტილე”, გიორგი დობორჯგინიძე - საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია, ნინო ფრუიძე - საქართველოს ელექტრონული კომერციის ასოციაცია, ნატა კვაჭანტირაძე - საქართველოს ტურიზმის ასოციაცია, დავით თხელიძე - კომპანია “SafCo”
ბიზნესის წარმომადგენლებმა მინისტრის მოადგილესთან საუბრისას კორონავირუსის უარყოფითი შედეგების გარდა ყურადღება გაამახვილეს ბიზნესისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: პროფესიული მომზადება/გადამზადებისთვის ლიტერატურასა (ქართულად) თუ ელექტრონულ პლატფორმებზე ხელმისაწვდომობა, კერძო კოლეჯების სტუდენტებისთვის/ პროფესიული მასწავლებლებისთვის გაცვლით პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, COVID-19-ის შემდეგ წარმოქნილი/გაძლიერებული მოთხოვნები, მათ შორის ელექტრონულ კომერციასთან, მონაცემთა მართვასთან და სოციალურ მედიის მართვასთან დაკავშირებით, დიალოგის და პარტნიორობის აუცილებლობა საჯარო და კერძო სექტორს შორის, ასევე, კერძო სექტორის ერთმანეთთან თანამშრომლობა.
ღონისძიების ტექნოლოგიური მხარდაჭერა განახორციელა კომპანიამ „SKYHI”.