განათლების უწყება ჩხენკელის სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების უწყება ჩხენკელის სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

access_time2022-01-30 19:40:48

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება გაზეთ „ბათუმელებში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას საზღვარგარეთ მინისტრის სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნულმა მედიასაშუალებამ სამინისტროსგან მიღებული საჯარო ინფორმაციის საფუძველზე მოამზადა. მოგვიანებით, იგივე ინფორმაცია „ნეტგაზეთის“ პლატფორმაზე გაჩნდა, შემდეგ კი „მთავარ ამბებში“ მოხვდა.

პუბლიკაციაში მოყვანილია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ტარიფი საზღვარგარეთ სამივლინებო ხარჯებთან დაკავშირებით და აღნიშნულია, რომ საქართველოს საჯარო მოხელეებს აშშ-ში სწორედ ამ ღირებულების დანახარჯის გაწევა შეუძლიათ დღიურად.

აღსანიშნავია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან წერილობით განემარტა მედიასაშუალებას - იგივე დადგენილების თანახმად, განსაზღვრულია, რომ სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება ანაზღაურდება ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთის მიხედვით.

სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მინისტრის საზღვარგარეთ მივლინების დროს კანონი ზედმიწევნით იყო დაცული.

რაც შეეხება სტატიის იმ ნაწილს, სადაც საუბარია იმაზე, თითქოს გამოცემისთვის სამინისტროს არ მიუწოდებია ინფორმაცია იმის თაობაზე, კონკრეტულად რა შედეგი მოჰყვა ამ ვიზიტებს. ცალსახად ვაცხადებთ, რომ მინისტრის ვიზიტების ამსახველი უკლებლივ ყველა საინფორმაციო რელიზი გაგზავნილია კონკრეტული ჟურნალისტის პირად ფოსტაზე, ხოლო ამ შემთხვევაში გამოცემისგან მოსულ წერილში ასეთი კითხვა დასმული საერთოდ არ ყოფილა. რაც შეეხება უშუალოდ სტატიაში მოყვანილ ვიზიტებს და მათ შედეგებს:


2021 წლის სექტემბრის ვიზიტი

როგორც ცნობილია, 2022 წლის თებერვალში, საქართველოს მთავრობის ფინანსური ძალისხმევით, პირველად ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში, ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტების ახალი თაობის აღზრდას, რომლებიც არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს სამეცნიერო და ინტელექტუალურ წრეებში საქართველოს შესახებ კვლევების მხარდამჭერები და ცოდნის გამავრცელებლები გახდებიან. ქართველოლოგიის პროგრამა, რომელიც ფუნქციონირებას ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრში დაიწყებს, ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს ისტორიის, კულტურის, ლიტერატურისა და პოლიტიკის, ასევე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მეცნიერებაში შეტანილი წვლილის შესახებ აკადემიური ცოდნის გავრცელებასა და გაცვლას. პროგრამაში გათვალისწინებული იქნება კვლევები კავკასიოლოგიის მიმართულებითაც. ქართველოლოგიის პროგრამის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ჰარვარდის ნიუ-იორკის კლუბში, 2021 წლის 22 სექტემბერს გაიმართა. სწორედ ამ პროგრამის დაფუძნებისა და ინაუგურაციისთვის მოსამზადებელი სამუშაოების გამო, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, სექტემბრის თვეში 1 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ნიუ-იორკში და პროცესს პირადად ხელმძღვანელობდა. ამავე პერიოდში, მინისტრმა შეხვედრა გამართა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის (NYU) პრეზიდენტთან, ენდრიუ ჰამილტონთან, მას უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა გააცნო და მასთან ერთად NYU-სა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები განიხილა. ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელი ასევე დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ილია დარჩიაშვილთან ერთად. მინისტრმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში, რომლის დროსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გაერო-ს ოფიციალურად გადასცა უნიკალური ხელნაწერი „ვეფხისტყაოსანი“. აღსანიშნავია, რომ მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ამსახველი მასალა მისი აშშ-ში ყოფნის დროსვე გავრცელდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე. მინისტრმა ნიუ-იორკიდან, გაეროს შტაბ ბინიდან ასევე მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია იმედის გადაცემაში, პირდაპირ ეთერში.

2021 წლის ოქტომბრის ვიზიტი

რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის მეორე ვიზიტს აშშ-ში. მიხეილ ჩხენკელის საქმიანი ვიზიტი ჩიკაგოსა და ბოსტონში (სტატიაში მხოლოდ ჩიკაგოა ნახსენები) განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო პარტნიორობის განვითარების კუთხით. ის მოიცავს როგორც აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით განზომილებებს, ასევე უნივერსიტეტში მშენებარე ადრონული თერაპიის ცენტრის პროექტს. ჩიკაგოში, ამერიკის რადიაციული ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიური შეხვედრაზე ქუთაისის ადრონული თერაპიის ცენტრის წარდგენით გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცენტრის საერთაშორისო თანამშრომლობის ქსელში ინტეგრაციის მიმართულებით. ამერიკის პროტონული თერაპიისა და სამედიცინო განათლების წამყვანმა სპეციალისტებმა გამოთქვეს მზაობა, ჩაერთონ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროტონული თერაპიის ცენტრის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოში. ყოველივე ეს ქმნის წინაპირობას, რომ ადრონული თერაპიის ცენტრი გახდეს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული სამედიცინო-კვლევითი დაწესებულება, რომელიც თანამშრომლობს როგორც ევროპულ, ასევე ამერიკის წამყვან ცენტრებთან. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი ბოსტონში, სადაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია გაიმართა ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ჯოსლინის ცენტრში. ეს არის თანამშრომლობის ის განზომილება, რომელიც აუცილებელია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უმაღლესი სტანდარტის სამედიცინო განათლების განვითარების მიმართულებით. მსჯელობა წარიმართა საუნივერსიტეტო სივრცეში სამედიცინო განათლების აკადემიური და კლინიკური კომპონენტების ოპტიმალურ ურთიერთკავშირზე. ბოსტონში, მოლეკულური მედიცინის ინსტიტუტში შეხვედრისას დაიგეგმა კონკრეტული ნაბიჯები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების განვითარების მხარდასაჭერად. თანამშრომლობა მოიცავს როგორც აკადემიურ, ასევე სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს. ბოსტონის ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორთან, ალექსანდრე თევზაძესთან ერთად შეხვედრა გამართა ბოსტონის წამყვანი უნივერსიტეტების ქართველ სტუდენტებთან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სწრაფად მზარდი თანამედროვე სტანდარტების უნივერსიტეტი, სადაც უცხოეთში მიღებული განათლების მქონე ჩვენი თანამემამულეები შეძლებენ დაბრუნდნენ და გადასცენ ცოდნა მომავალ თაობას. ბოსტონში ყოფნისას მიხეილ ჩხენკელმა ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრის ხელმძღვანელებთანაც გამართა შეხვედრა, სადაც მხარეებმა ახლად დაფუძნებული ქართველოლოგიის პროგრამის განხორციელების დეტალებზე ისაუბრეს. ამ შემთხვევაშიც, მინისტრის ოფიციალური ვიზიტების ამსახველი მასალა მისი აშშ-ში ყოფნის დროსვე გავრცელდა მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებ და ფეისბუქ გვერდებზე. საზოგადოებისთვის ცნობილი გახლდათ მინისტრის ვიზიტის დეტალები.

2021 წლის დეკემბრის ვიზიტი

რაც შეეხება 2021 წლის დეკემბრის თვეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრიუსელში ვიზიტს, ის გახლდათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ჩვენი თანამემამულეებისათვის, ვინაიდან სწორედ ამ ვიზიტისას გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შედეგად საქართველოს სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს საზოგადოებას ახალი შესაძლებლობებისკენ ეხსნება გზა. ბრიუსელში საზეიმოდ მოეწერა ხელი საქართველოს ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალ ჩარჩო პროგრამა Horizon Europe-ში ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას. საქართველოს მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერეს მიხეილ ჩხენკელმა, ხოლო ევროკომისიის მხრიდან ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. შეთანხმების გაფორმებით Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად იმავე პირობებითა და უფლებებით, რითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ. ქართველ მეცნიერებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ 95.5 მილიარდი ევროს ბიუჯეტის მქონე კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში. შეთანხმების საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შეეძლებათ, უხელმძღვანელონ მსხვილ საერთაშორისო სამეცნიერო კონსორციუმებს, ევროპელ კოლეგებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კი საქართველოში დაფუძნდა Horizon Europe -ის ეროვნული ოფისი, რომლის ფუნქციაა ევროკავშირსა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას შორის მედიაცია და კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა. დაწყებულია საუნივერსიტეტო სამეცნიერო საგრანტო ოფისების ქსელის შექმნა, რომელიც ეტაპობრივად ყველა უნივერსიტეტს მოიცავს. ხელმოწერის შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა შეხვედრა გამართა ევროკომისარ მარია გაბრიელთან და მასთან განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მოგვიანებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა კვლევებისა და ინოვაციების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელებთან Horizon Europe-ის პროგრამისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მიხეილ ჩხენკელმა ასევე შეხვედრა გამართა ევროპული ასოციაცია COST-ის დირექტორთან და მასთან COST-ში საქართველოს სრულად გაწევრიანების საკითხი განიხილა. მინისტრი ასევე შეხვდა NATO-ს მთავარ მეცნიერს ბრაიან უელსს, რომელთანაც განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ვიზიტის დასასრულს მიხეილ ჩხენკელი ლუვენს ეწვია, სადაც უნივერსიტეტის რექტორთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის განვითარების საკითხები განიხილა. საჯარო ინფორმაციაში, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გასცა, აღნიშნულია, რომ მინისტრს მივლინებაში სამი პირი ახლდა - სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი და პროტოკოლის სამმართველოს უფროსი. რაც შეეხება მესამე პირს, დოკუმენტში მხოლოდ მის მივლინებაზე გაწეული ხარჯია მითითებული, რადგან ის არ გახლავთ თანამდებობის პირი და კანონის თანახმად მისი ვინაობა არ საჯაროვდება. რაც შეეხება ამ პირის მივლინების მიზნობრიობას, აღსანიშნავია, რომ სწორედ მის მიერ გადაღებული ვიდეო და ფოტო მასალით მოხდა აღნიშნული ვიზიტის დეტალური გაშუქება როგორც ტელევიზიების, ბეჭდური და ონლაინ გამოცემების მეშვეობით, ისე სამინისტროს ოფიციალურ ვებ და ფეისბუქის გვერდებზე. რაც შეეხება ბელგიაში მინისტრის მივლინებაში დახარჯული თანხის ოდენობას, რაც სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის სახით გასცა: დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბიუჯეტიდან დაიხარჯა 3 134 ლარი. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ხარჯის ანაზღაურება მოხდა მივლინებიდან დაბრუნების შემდეგ ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შესაბამისად. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე კი სამინისტროში წერილი 8 დეკემბერს შემოვიდა. სამინისტროს მიერ გაცემული მონაცემები დამუშავებულია 10 დეკემბრის მდგომარეობით, ხოლო აღნიშნული თანხის გადახდა მოხდა უფრო მოგვიანებით, შესაბამისად ხაზინის ამ ამონაწერში ის ვერ მოხვდებოდა.

ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, გვაქვს იმის საფუძველი, ვიფიქროთ, რომ აღნიშნული მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ განხორციელებული მიზანმიმართული დისკრედიტაციის უსუსური მცდელობა, რაც ემსახურება ჩვენი საზოგადოების თვალში სამინისტროს და ზოგადად ხელისუფლების მიერ განხორციელებული სამუშაოს დაკნინებას, მისი ღირსების შელახვას. გვინდა განვაცხადოთ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ იქნება დატოვებული უპასუხოდ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up