ბრიტანელმა ექიმებმა განკურნეს 59 წლის პაციენტი, რომელსაც კოვიდი 411 დღე ჰქონდა. Bloomberg-ის ინფორმაციით, სუსტი იმუნური სისტემის მქონდე პაციენტს, რომელსაც იმუნიტეტი თირკმლის გადანერგვამ შეურყია, Covid 19 2020 წლის დეკემბერში დაუდგინდა და 2022 წლის იანვრამდე კოვიდ-დადებით იყო.
იმის დასადგენად მრავალჯერ დაინფიცირდა პაციენტი COVID 19-ით, თუ 2020 წლის შემდეგ არ განკურნებულა, ბრიტანელ მეცნიერებს მრავალჯერადი გენეტიკური კვლევების ჩატარება მოუხდათ.
როგორც France 24-ი წერს, Guy's & St Thomas' Hospitals-ის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ მათ კოვიდით ინფიცირებული პაციენტისთვის სწორი მკურნალობის დანიშვნა კონკრეტული ვირუსის გენეტიკური კოდის გაანალიზებით შეძლეს.
ჟურნალ Clinical Infectious Diseases-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, Guy's and St Thomas' NHS Foundation Trust-ისა და King's College London-ის მკვლევართა ჯგუფი დაწვრილებით აღწერს, თუ როგორ გადალახა 59 წლის მამაკაცმა ინფექცია. როგორც ირკვევა, ექიმებს მძიმე პაციენტის განკურნებაში ის ფაქტორი დაეხმარათ, რომ მამაკაცს ადრეული B1 ვარიანტის ვირუსი ჰქონდა, რომელიც 2020 წლის ბოლოს იყო დომინანტური.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა