ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს სებ-ის კანონში ცვლილებების დაჩქარებული წესით შეტანა მართებულად არ მიაჩნია. მისი თქმით, განხილვები ამასთან დაკავშირებით უფრო ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო.
„ეროვნული ბანკის მმართველობის საკითხებთან, მის სტრუქტურასთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვმუშაობთ. დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ ამაზე მუშაობა. გვინდოდა შეგვეხედა როგორ პასუხობს მოდელი იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს. ვფიქრობთ, რომ განხილვები ამასთან დაკავშირებით უფრო ხანგრძლივი უნდა ყოფილიყო და ჩვეულებრივ რეჟიმში მომხდარიყო. ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ვაცნობეთ პარლამენტს, საკმაოდ ვრცელ და მკაფიო განმარტებაში. რისკებზე ვერ გეტყვით, ეს გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ცვლილების მიღება მოხდება, შემდეგ როგორ განვითარდება მოვლენები,“- განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებს. კანონის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეუძლია განუსაზღვრელი ვადით. ახალი კანონი ეროვნულ ბანკთან ერთად საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს რამდენიმე დღის წინ ვეტო დაადო.