ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ამკაცრებს, მაგრამ გაქცეული ინფლაციის მოსათოკად ეს ღონისძიება არასაკმარისია. ფასების შემცირებას არც ბიზნესი ელოდება და არც ექსპერტები პროგნოზირებენ. შესაბამის პირობებს ჯერჯერობით ვერც გლობალური მოცემულობა ქმნის, სადაც ფასები ზრდის ტენდენციით ხასიათდება.
როგორც ფინანსური ბაზრის მკვლევარი, ანალიტიკოსი ნიკა შენგელია განმარტავს, 10,5%-იანი რეფინანსირების განაკვეთი ის ნიშნულია, რითაც ეკონომიკის ამოქოქვა რთული და ამავდროულად წარმოუდგენელიცაა.
„ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება და არც დღეს ვცვლით პოზიციას - მომხრე ვართ, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მინიმალურ დონეზე იქნას დაყვანილი. სამწუხაროდ, ეროვნული ბანკი ფულად-საკრედიტო პოლიტიკით ემსახურება იმას, რომ ქვეყანაში სავალუტო ბაზარზე იყოს სპეკულაციები. ეს გამოიხატება კიდეც იმაში, რომ ამ რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთები საქართველოშია. იმის მაგივრად, რომ ხელმისაწვდომი იყოს გრძელვადიანი და იაფი კრედიტები, ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხის გადაწყვეტას საშველი არ დაადგა. ამიტომ ვამბობ, რომ ეროვნულ ბანკში საჭიროა შეიცვალოს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა და ჩადგეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ფერხულში. სამწუხაროდ, ამის სურვილი არ ჩანს“, - აცხადებს ნიკა შენგელია.
მისი თქმით, მიდგომა, რომ პანდემიაა და ამის გამო არ იცვლება მონეტარული პოლიტიკა, გაუმართლებელია.
,,ის შეცდომები, რითაც წლების განმავლობაში იმართებოდა ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, აგრეთვე სავალუტო კურსი, პანდემიით არ უნდა გადაიფაროს. ამის საფუძველს რეალურად ვერ ვხედავ, როცა მეზობელ ქვეყნებს გაცილებით ნაკლები საპროცენტო განაკვეთები აქვთ. გარდა იმისა, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები მსესხებლებისთვის ყოველთვის იყო ტვირთი, გაუჭირდება ბიზნესსაც, რადგან ფული არის ძვირი. შექმნილ სიტუაციაში სებ-ის მხრიდან ჰუმანური ნაბიჯი იქნება, რომ სამომავლოდ 0,5%-ით მაინც შეამცირონ“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნიკა შენგელია.
ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ ინფლაციის შემცირება შეიძლება დაიწყოს თებერვლის ბოლოდან, განსაკუთრებით მარტიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფასები პროდუქციასა და მომსახურებაზე შემცირდება. საუკეთესო შემთხვევაში, შენარჩუნდება.
რაც შეეხება მსოფლიოს, იმ შემთხვევაში კი, თუ ოპეკი+ არ გაითვალისწინებს თეთრი სახლის მოთხოვნას, რომ გაიზარდოს ნავთობმოპოვების მოცულობა, 2022 წელს შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ინფლაცია დაფიქსირდეს.
ამდენად, როგორც სპეციალისტები თვლიან, ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ქვეყანაში ბიზნესის აქტიურობას შეასუსტებს. ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, სებ-ის გადაწყვეტილება შედეგს გრძელვადიან პერიოდში მოიტანს და პრობლემას განსაკუთრებით ბიზნესს შეუქმნის.
,,სებ-ის მხრიდან გამკაცრებისკენ მიმართული ნებისმიერი ქმედება იწვევს ერთობლივი მოხმარების კლებას. შესაბამისად, საქონლისა და მომსახურების შესყიდვისთვის ნაკლები ფული დაიხარჯება, რაც ბიზნესის აქტიურობის შესუსტებას გამოიწვევს. ამით ეროვნული ბანკი ცდილობს გამოასწოროს შეცდომა, როცა ინფლაციის მაღალი ზრდა დაუშვა. მექანიზმი მარტივია, როცა იზრდება რეფინანსირების განაკვეთი, შესაბამისად, ბანკები ზრდიან განაკვეთს და სესხი ძვირდება, ეს კი იწვევს ეკონომიკიდან ფულის ამოღებას. შედეგად მივიღებთ ორ რამეს - ინფლაციური პროცესის მოთოკვას და საერთო მოხმარების შემცირებას. სწორედ პირველს იმედოვნებს სებ-ი და უგულვებელყოფს მეორე ძალიან მნიშვნელოვან მომენტს”, - აცხადებს ელიავა ,,კომერსანტთან“.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2021 წლის 8 დეკემბერს რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პპ-ით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.5 პროცენტს შეადგენს.
მარი ჩიტაია