გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 8 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„არარეგისტრირებული, უმეტესად ლენტური ტიპის სახერხი საამქროები მოქალაქეებს, იმერეთში, აჭარაში, შიდა ქართლში, კახეთსა და სამეგრელოში, საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.
3 უკანონო სახერხი საამქრო გამოვლენილია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტებში. სოფლებში - დობერაზენსა და ინჩხურში, მოქალაქეებს, ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების ტერიტორიებზე, განთავსებული ჰქონდათ უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 11 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი), წაბლის სახეობის 4 ერთეული მორი და 0,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი). სოფელ ნოხაში კი, მოქალაქეს, ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი, საკარმიდამო ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული.
თითო-თითო სამართალდარღვევაა გამოვლენილი კახეთის, აღმოსავლეთის, დასავლეთისა და აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ახმეტის, ხელვაჩაურისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. ასევე - ქალაქ ქუთაისში, სადაც სამართალდამრღვევს, სახერხი საამქროს ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული 0.7 კუბური მეტრი მოცულობის წიწვოვანი სახეობის ფიცარიც ჰქონდა განთავსებული.
1 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმაც. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ სასადილოში, მოქალაქეს ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე 3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 1 კუბური მეტრი მოცულობის „ნაგვერდულიც“ ჰქონდა განთავსებული.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.