გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლში უკანონო თევზჭერის 6 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, 4 სამართალდარღვევა გამოვლენილია ქალაქ რუსთავში, მდინარე მტკვარზე. მოქალაქეები, აკრძალული მეთოდით - ანკესზე გამობმული სახლართი ბადეებით ახდენდნენ თევზჭერას.
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოლიანში მოქალაქე თევზჭერას აკრძალული საშუალების - ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა.
ელექტროშოკური აპარატის მეშვეობით ახორციელებდა თევზჭერას მოქალაქე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის მიმდებარედაც. მას ასევე ჰქონდა ნავი და ჩოგან-ბადე. სამართალდამრღვევს მოპოვებული ჰქონდა 4 კილოგრამი ხრამულის სახეობის თევზი.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.