“გაყიდვებში ჩვენ გვეხმარება ტურისტების ნაკადები, კი იცით რაც ხდება ქვეყანაში, მაგ ფაქტმა ცოტა გამოგვიყვანა კრიზისიდან, რადგან გაძვირების გამო რეალიზაცია ცოტა შეგვიმცირდა“ - ამის შესახებ მეფრინველეობის ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია კუმისის დირექტორმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველ მომხმარებელში თუ აქამდე ყველაზე გაყიდვადი 10 კვერცხიანი შეფუთვა იყო, ახლა უკვე მომხმარებელი 6 კვერცხიანზე გადავიდა.
„თუ აქამდე ყველაზე გაყიდვადი კვერცხის 10 ცალიანი შეფუთვა იყო, დღეს 6 ცალიანია, რადგან ხალხს იმის ფუფუნება აღარ აქვს, რომ 10 ცალი იყიდოს. შემცირებული რეალიზაცია ბოლო პერიოდში საქართველოში შემოსულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების ნაკადებმა ნაწილობრივ შეავსეს“ - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ოქტომბრიდან შესაძლოა კვერცხის ფასი 7-8% ით გაიზარდოს, მისივე თქმით აღნიშნულის მიზეზი სატრანსპორტო გადაზიდვებზე და მუშა - ხელის მომსახურებაზე ფასის გაზრდაა.
„თებერვლის შემდეგ კვერცხზე ფასი არ მომატებულა, თუმცა ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ოქტომბრიდან სავარაუდოდ კვერცხზე 7-8% - მოგვიწევს ფასის მომატება , მიუხედავად იმისა, რომ მარცვლეული და ხორბალი მცირედით გაიაფდა, ასევე გაიაფდა ზეთიც სხვა ყველაფერი გაძვირებულია, დაწყებული მუშა-ხელით დამთავრებული გადაზიდვებით.
ამ რიგებმა სატრანსპორტო გადაზიდვები გააძვირა და ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ფაქტობრივად თვეებია წარმოებები მოგების გარეშე მუშაობენ, ასე უბრალოდ ზამთარს ვეღარ გადავიტანთ“, - აღნიშნა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.
თაკო კვაჭანტირაძე