რუსეთის სახელმწიფო კომპანია "გაზპრომის" ერთ-ერთი რეგიონული განყოფილება დაცვის თანამშრომლებს ავალდებულებს, გადარიცხონ 1000 რუსული რუბლი უკრაინაში მიმდინარე "სპეციალური ოპერაციის დროს" დაჭრილთა დასახმარებლად, ვინაიდან "ადგილობრივ საავადმყოფოებში კატასტროფულად არ ჰყოფნით მედიკამენტები", - ნათქვამია "გაზპრომის" რესპუბლიკა სახას (იაკუტია) ერთ-ერთი განყოფილების დაცვის თანამშრომელთა "ვოთსაფის" ჩათში, რომლის "სქრინშოთიც" რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა მოიპოვა.
რადიო თავისუფლების იმ წყაროს ცნობით, რომელმაც "სქრინშოთი" რედაქციას გაუგზავნა, ჩათში დაახლოებით დაცვის 100 თანამშრომელია გაერთიანებული. მისი სიტყვებით, მსგავსი ჩათი დაცვის სხვა რაზმებსაც აქვთ. "ადრე თანხების შეგროვება ნებაყოფლობითი იყო, მაგრამ მუდმივ საფუძველზე. ახლა კი იგი ნებაყოფლობით-იძულებითი გახდა", - აღნიშნა წყარომ, რომელმაც უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ისურვა საკუთარი ვინაობის გამჟღავნება.
"გაზპრომის" შორეული აღმოსავლეთის რეგიონთაშორის დაცვის სამმართველოში (ДВМУО), ისევე როგორც პროფკავშირში რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის ზარს არ უპასუხეს.
თუმცა, "გაზპრომის" პროფკავშირის ტელეგრამის არხში აღნიშნულია, რომ მისმა წევრებმა უკვე შეაგროვეს ფული უკრაინაში დაჭრილი და მკურნალობის პროცესში მყოფი რუსი ჯარისკაცების დასახმარებლად. ასეთი აქციების შედეგად მარტში, მაისსა და ივნისში ნახევარმილიონ რუბლზე მეტი შეგროვდა.
Radiotavisupleba.ge