გერმანულ გამოცემის Handelsblatt-ის ცნობით, გერმანულმა ენერგეტიკულმა კონცერნმა RWE-მ, გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, რუსულ სახემწიფო გიგანტს, "გაზპრომს" სასამართლოში უჩივლა.
RWE გახდა მეორე გერმანული კომპანია, რომელმაც "გაზპრომისგან" კომპენსაცია მოითხოვა. მანამდე ქვეყანაში გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა კონცერნმა Uniper-მა განაცხადა, რომ შესაბამისი სარჩელი საერთაშორისო არბიტრაჟში წარადგინა.
RWE-სა და Uniper-ს მოქმედი კონტრაქტები ჰქონდათ "გაზპრომთან", რომლის მიხედვითაც მათ აწვდიდნენ გაზის ფიქსირებულ მოცულობას. თუმცა, სექტემბრიდან რუსეთმა Nord Stream 1 გაზსადენის მეშვეობით გაზის მიწოდება შეწყვიტა. 26 სექტემბერს ბალტიის ზღვაში აფეთქებები მოხდა Nord Stream 1-ის ორივე და Nord Stream 2-ის ერთ-ერთ გაზსადენზე, რამაც გაზსადენები მნიშვნელოვნად დააზიანა. სამართალდამცავები გაზსადენებზე დივერსიას იძიებენ.
მიწოდების შეფერხების გამო RWE და Uniper იძულებული გახდნენ მსოფლიო ბაზარზე გაზი ეყიდათ გაზრდილი ("გაზპრომთან" დადებულ კონტრაქტთან შედარებით) ფასებით. Uniper-მა ზარალი 11.6 მილიარდ ევროდ შეაფასა.
მალე ორ ენერგეტიკულ კომპანიას შეიძლება "გაზპრომის" ყოფილი შვილობილი კომპანია "გაზპრომი გერმანია" შეუერთდეს, რომელიც ახლა გერმანიის სახელმწიფო მართვაშია ახალი სახელწოდებით Sefe. კომპანიის წარმომადგენლებმა მედიას დაუდასტურეს, რომ კომპენსაციის მოთხოვნისთვის ემზადებიან.