გაზპრომმა იტალიას ბუნებრივი აირის მიწოდება 15%-ით შეუმცირა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია, Eni ავრცელებს. გაზის მიწოდება შემცირებულია გერმანიაშიც.
Eni-ის წარმომადგენლების თანახმად, რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ Gazprom-ს შემცირების მიზეზი არ დაუდგენია და მონიტორინგს ახორციელებს.
„გაზპრომმა გვაცნობა გაზის მიწოდების 15%-ით შემცირების შესახებ. მიზეზები ჯერ ჩვენთვის უცნობია“, - წერია Eni-ის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
იტალია, გერმანიის შემდეგ, რუსული გაზის მეორე უმსხვილესი კლიენტია ევროპაში და მოსკოვს შეძენილი ბუნებრივი აირის საფასურის რუბლში გადახდაზეც კი დათანხმდა.
იტალიისთვის მიწოდების შემცირებამდე ერთი დღით ადრე Gazprom-ში განაცხადეს, რომ Nord Stream 1-ის მილსადენით გერმანიაში მიწოდება 40%-ით შემცირდებოდა. ამის მიზეზად კი დასახელდა აუცილებელად საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის მიღების დაგვიანება, რომელიც, როგორც Siemens Energy-ში ამბობენ, კანადის მიერ მოსკოვზე დაწესებული სანქციების გამოა ბლოკირებული.
მიწოდების შემცირებები დაემთხვა იტალიის პრემიერმინისტრის, მარიო დრაგის გეგმას, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან და საფრანგეთის პრემიერთან, ემანუელ მაკრონთან ერთად უკრაინას ეწვიოს. შეხვედრაზე უკრაინის ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი, ფინანსური და სამხედრო დახმარების საკითხები უნდა განიხილონ.