ტურისტების გაზრდილ სტატისტიკაში, რეალურ ტურიზმზე მეტი, ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსული მოქალაქეების წილია, რომლებსაც ტურისტულ მიზნებთან საერთო არაფერი აქვთ - ამის შესახებ კომპანიის „ტრეფიკ თრეველის მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
„ზარ-ზეიმით გვაცნობეს, რომ თითქოს 65%-ით აღდგა ტურიზმი. ეს რიცხვებით მანიპულირებაა. რეალურად, ამ რიცხვებში ყველაზე დიდი ნაწილი უკავიათ რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც ტურისტები არ არიან. არიან ხალხი, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ სანქციებს და დისკომფორტს გამოექცნენ, რომ ვერ მიიღებდნენ სერვისებს გლობალური კომპანიებიდან. დაიწყეს ბიზნესის გახსნა საქართველოში. ყველა უბანში, სადაც უნდა მიხვიდეთ, აღმოაჩენთ რუსულ კაფეს, ბარს, სუპერმარკეტს, სალონს და ა.შ. ეს ხდება აბსოლუტურად ყველა უბანში დაწყებული ვაკიდან, სადაც მაღალბიუჯეტიანი ოკუპანტები არიან ჩამოსული, ასევე გარეუბნებში და საქართველოს სხვა ქალაქებში. ასე რომ, ისინი, ცხადია, ზრდიან სტატისტიკას.
ისინი არ მონაწილეობენ ტურიზმში. მეტიც, გაჩნდნენ კომპანიები, რომლებიც რუსულად არეკლამებენ თავიანთ მომსახურებას. რამდენადაც საოცარი უნდა იყო, რუსული ტურისტული კომპანიები, ახლა უკვე კონკურენციას გვიწევენ. საქართველოდან ტურებს მთავაზობენ ეგვიპტეში. ზოგადად, კონკურენციაში ცუდი არაფერია. პირიქით, მივესალმები კიდეც, რაც მეტი იქნება კონკურენცია, უფრო მაღალი იქნება ხარისხი. პრობლემა ისაა, რომ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებს უფლება არ შეიძლება ჰქონდეთ ბიზნესის გახსნის და ოპერირების. მობრძანდნენ 1-თვიანი ვიზით, დაათვალიერონ ქვეყანა, დახარჯონ ფული და დაბრუნდნენ უკან, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ ,,საქმეში.