2022 წელს 14-მა კომერციულმა ბანკმა რეკორდული რაოდენობის შემოსავალი და მოგება მიიღო. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს ბანკების წმინდა მოგება 2.088 მილიარდი ლარი იყო, რაც 2021 წელთან შედარებით 6 მლნ ლარით მეტია. კომერციული ბანკების შემოსავლებმა კი 7.505 მლრდ ლარი შეადგინა, ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 5.975 მლრდ ლარი იყო.
სავალუტო რყევები, გაზრდილი საკომისიოები და რეფინანსირების მაღალი განაკვეთი - 3 ძირითადი ფაქტორია, რაც ანალიტიკოს ნიკა შენგელიას შეფასებით, კომერციული ბანკების მოგებაზე ახდენს გავლენას.
,,ბანკების მოგების ზრდას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ჯერ ერთი, საპროცენტო განაკვეთი გაზრდილია, მუდმივად მატულობს რეფინანსირების განაკვეთი და სავალუტო ოპერაციებიდანაც დიდი ფული შედის ბანკებში. ამ სიტუაციაში მხოლოდ ხალხი ზარალდება. რაც კი შეღავათი მოქმედებდა პანდემიისას და მომხმარებლებს გადახდის ვადა გაუხანგრძლივეს, შემდეგში ერთიანად დაარიცხეს თანხა, უფრო მეტად დაუმძიმეს საგადასახადო ტვირთი. ვინც სესხს ვერ იხდის, ახლა ჯარიმების სახით ამოაქვთ ფული და ამის გამო მოსახლეობა გაუსაძლის მდგომარეობაშია. მძიმე სიტუაციაა და მხოლოდ ბანკები რჩებიან მოგებულ პოზიციაზე“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
აღსანიშნავია, რომ კომერციულმა ბანკებმა შარშან 7.5 მილიარდი ლარის საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავლები მიიღეს, რაც 2021 წელთან შედარებით 1.5 მილიარდი ლარით მეტი იყო. ბანკების მოგება დაბეგვრამდე - 2.53 მილიარდი ლარი, ხოლო მოგების გადასახადი კი 446 მლნ ლარი იყო.