ჩანთების ქართულმა ბრენდმა ,,გეფერინმა“, რომელიც ჩინეთში აქსესუარების ექსკლუზიურად გაყიდვაზე მოლაპარაკებას ჩინური აქსესუარების კომპანიასთან (www.viyajewelry.com) აწარმოებდა, ხელშეკრულება კორონავირუსის გამო შეწყვიტა. ამის შესახებ „კომერნსანტს“ „გეფერინის“ დამფუძნებელმა ილია გეფერიძემ განუცხადა.
„ჩინეთთან შეთანხმება გვქონდა. ხელშეკრულების თანახმად მარტში უნდა გაგვეტანა ჩვენი ხელნაკეთი ნივთები, მაგრამ ჩინეთში არსებული მდგომარეობის გამო თავი შევიკავეთ და დროებით შევაჩერეთ მოლაპარაკებები.“-ამბობს ილია გეფერიძე.
ილია გეფერიძის თქმით, ბაზარზე დიდი მოთხოვნაა, მათ ახალ პროდუქტზე. გარდა სამკაულისა, ბრენდი ფეხსაცმლის ხაზზეც მუშაობს და თავინთ მომხმარებელს მუდმივ სიახლეს ჰპირდება.
გარდა ამისა, „გეფერინი“ უკვე 8 თვეა amazon-ზე საკუთარ პროდუქციას ყიდის. ილია გეფერიძის, განმარტებით პლატფორმის მეშვეობით კომპანიის ყველა სახეობის პროდუქტი იყიდება.
„რამდენიმე თვის წინ Amazon-ზე მხოლოდ 5-6 სახეობის ჩანთა გვქონდა წარმოდგენილი. დღეს კი ყველა მოდელის ჩანთა ასევე -საფულეები და აქსესუარებიც იყიდება.“-ამბობს ილია გეფერიძე.
შეგახსენებთ, რომ ქართული კომპანია ,,გეფერინი“ 2014 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს და დღემდე მის განვითარებაში 1,5 მილიონ ლარამდე ინვესტიცია ჩაიდო. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია როგორც - ადგილობრივ ბაზარზე, ასევე რამდენიმე ქვეყანაში - ამერიკაში, ჰონგ- კონგში, შვეიცარიაში, შვედეთში, რუსეთში, ყაზახეთში, უკრაინაში და აზერბაიჯანში იყიდება. სამომავლოდ, კომპანია ქალის ტანსაცმლის წარმოებასაც გეგმავს.