რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გემების სადაზღვევო ბაზარზე დიდი ქაოსია, ზოგიერთი ანდერრაიტერი თავს არიდებს იმ გემების დაზღვევას, რომლების რუსულ ნედლ ნავთობს გადაზიდავენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა wall street journal ავრცელებს. გაზეთის ინფორმაციით, იმ ტანკერებს, რომლებიც უკვე სადაზღვევო პრემიით სარგებლობს, შავ ზღვაში ნავთობის გადაზიდვის დაზღვევის ღირებულება 400%–ით გაიზარდა.
ბერძენმა ანდერრაითერმა Hellenic War Risks, გასულ კვირას შეწყვიტა რუსეთის მომსახურეობა და მხოლოდ ორშაბათს აღადგინა პოლისები. აღსანიშნავნია, რომ ბერძნები გლობალური ტანკერების ფლოტის 20%-ზე მეტს აკონტროლებენ.
„რუსული ნედლი ნავთობი ჯერ კიდევ არ არის სანქცირებული, მაგრამ თუ შავ ზღვაში გაცურავთ და ჩამოტვირთავთ, მეტის გადახდა მოგიწევთ, სადაზღვევო პრემია დღეს არის გემის ღირებულების დაახლოებით 5%, ეს თანხა ომამდე 1%–ზე ნაკლები იყო“, - აღნიშნა გემების ლონდონელმა ბროკერმა.
მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ტანკერების გადაზიდვის ტარიფები სამჯერ გაიზარდა, რადგან მსხვილი ოპერატორების უმეტესობა რუსული ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებას არ ახორციელებს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ქვეყანას საწვავის იმპორტი არ შეუჩერებია.
საშუალო ზომის ტანკერების Aframax ყოველდღიური სატვირთო ტარიფები შავ და ბალტიის ზღვებში, დაახლოებით $30 000-მდეა, მისი ღირებულება უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით $10,000-დან იწყებოდა. აღსანიშნავია, რომ ომის დროს ასეთი ზრდა უჩვეულო არ არის.
„ზოგიერთს, მაგალითად ჩინურ გემებს, აქვთ გრძელვადიანი კონტრაქტები რუსეთის ნავთობის ექსპორტიორებთან და პრემიის გაზრდა მათ აზარალებს“, - თქვა ბროკერმა.