ამეგრელოში მოქმედი მშრალი ხილის მწარმოებელი კომპანია „გემუანი“ დაახლოებით სამ თვეში პროდუქციას Amazon-ის პლატფორმაზე გაყიდის.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დამფუძნებელმა ნონა თორდიამ უთხრა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორისაა, Amazon-ისთვის მორგებული სპეციალური შეფუთვისთვის დიზაინის შემუშავება და შეთანხმება.
მისივე თქმით, პროდუქცია სპეციალიზებულ პაკეტებში გაიყიდება. საუბარია, რითეილისთვის წარმოებული ხილის ჩიფსებსა და ეკოლოგიურად სუფთა სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის, ჩაიზე – ჯამში დაახლოებით 30 სახეობაზე.
ამ ეტაპზე „გემუანის“ პროდუქციის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე რუსეთსა და ჩეხეთში იგზავნება. მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც.
თორდიას ინფორმაციით, „გემუანმა“ წლის განმავლობაში რებრენდინგიც განახორციელა, რომლის ფარგლებშიც სრულად შეიცვალა კომპანიის ლოგო და პროდუქციის შეფუთვა. „თუ აქამდე კომპანია პროდუქციას მხოლოდ მინის ქილებში ყიდდა, ახლა ამას სპეციალიზებული პაკეტები ჩაანაცვლებს. შესაფუთი მასალები ჩამოგვაქვს ჩინეთიდან და მიმდინარეობს მოლაპარაკებები თურქეთთანაც“, - ამბობს თორდია.
მანამდე, 2020 წლის ივნისიდან, „გემუანი“ შვეიცარიული ტრანსნაციონალური კომპანია Nestle-ს მიმწოდებელი გახდა. შესაბამისად, „გემუანი" Nestle-ს რუსეთის ფილიალს ინგრედიენტებით ამარაგებს. თორდია აცხადებს, რომ ქართული კომპანია Nestle-ს საშუალოდ 2 თვეში ერთხელ დაახლოებით 1.5 ტონა პროდუქციას უგზავნის.
როგორც თორდია აცხადებს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით მსგავს ტრანსნაციონალიურ ორ კომპანიასთანაც, ამ ეტაპზე "გემუანის" დამფუძნებელი მათ იდენტიფიცირებას არ ახდენს.
სუბლიმირებული ხილის საწარმო „გემუანი“ 2011 წელს დაარსდა და მის მფლობელობაშია 100 ჰა-მდე საერთო ფართობის მიწის ნაკვეთები, სადაც მდებარეობს ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო. უშუალოდ ხილის გადამამუშავაბელი საწარმო 2017 წლიდან ფუნქციონირებს.
წყარო: "ბიზნესპარტნიორი"