InterNations-ის გუნდმა სთხოვა ემიგრანტებს შეეფასებინათ დროებითი საცხოვრებელი ქვეყანა იმის მიხედვით, თუ რამდენად ადვილი იყო იქ ცხოვრება. სხვა საკითხებთან ერთად, კვლევამ გაითვალისწინა ისეთი ძირითადი ფაქტორები, როგორიცაა საცხოვრებლის მოძიება, ბიუროკრატია და ენა. ამის შესახებ Express-ი წერს.
გამოკითხულ ემიგრანტებიდან ყოველი მეექვსე მიიჩნევს, რომ გერმანიაში საცხოვრებლის პოვნა რთულია, ხოლო თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ გერმანიაში სახლის ქირაობაა ძვირი.
ქვეყნების ათეული, რომლებსაც ტურისტები ცხოვრებისთვის არახელსაყრელად მიიჩნევენ ასეთია:
1. გერმანია
2. იაპონია
3. ჩინეთი
4. ქუვეითი
5. იტალია
6. საბერძნეთი
7. ვიეტნამი
8. ჩეხეთი
9. საფრანგეთი
10. მალტა
რატომ არის ასე ძნელი საცხოვრებლის პოვნა გერმანიაში?
გერმანიის უძრავი ქონების ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეას მატნერმა განაცხადა, რომ ქვეყანა საბინაო კრიზისშია. ამასთან, 2024 წელს გერმანიაში 1,4 მილიონმა დაბინავების მსურველმა, შესაძლოა სახლის პოვნა ვერ შეძლოს, წერს გამოცემა.
გერმანიაში იჯარის ფასი ძალიან მაღალია და ქვეყნის მოქალაქეთა მხოლოდ 50%-ს აქვს საკუთარი სახლი. არსებული კანონმდებლობით ექსპატებმა, თუ უძრავი ქონების დაქირავება სურთ, უნდა წარმოადგინონ თავისი შემოსავლის დამადასტურებელი საბუთი და საკრედიტო ანგარიში.
გამოკითხულ ემიგრანტთა თითქმის ნახევარი აცხადება, რომ ძნელია გერმანიაში ცხოვრება გერმანული ენის ცოდნის გარეშე. მათგან ნახევარზე მეტს სჯერა, რომ გერმანული ენის სწავლა რთულია. ემიგრანტებისთვის ასევე რთულია გერმანიაში წარმატების მიღწევა გერმანულად საუბრის გარეშე - თუმცა, ქვეყნის დიდ ქალაქებში ბევრი საუბრობს ინგლისურად.
ემიგრანტები უჩივიან გერმანიაში არსებულ ბიუროკრატიასაც - გამოკითხულთა ნახევარზე მეტს უჭირდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა. ბევრი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ქვეყანაში მუშავდება არა ციფრული ფორმით, რაც სერიოზულად ანელებს პროცესებს. ამიტომ, ემიგრანტებს მოუწევთ მოთმინება და, საჭიროების შემთხვევაში, იურიდიული კონსულტაციაც.